,,ხელისუფლებას მაღალ ეკონომიკურ ზრდაში ხელს ეკონომიკური პოლიტიკის გააზრებული ხედვის არქონა უშლიდა“- ბექა ლილუაშვიალი

,,იმისთვის, რომ გავზარდოთ მოხმარება, აუცილებელია ხალხს მივცეთ მათ შორის, საშემოსავლო გადასახადების შემცირების ხარჯზე გაზრდილი შემოსავალი“ - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ გახარიას გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, აუცილებელია გადასახადების შემცირება და ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, რისკის ფასად. თუმცა წამყვანის ჩაკითხვის მიუხედავად, ლილუაშვილს არ განუმარტავს, რა რისკებზეა საუბარი.

,„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მაღალ ეკონომიკურ ზრდაში ხელს ეკონომიკური პოლიტიკის გააზრებული ხედვის არქონა უშლიდა. ეს არ იყო ინდივიდუალური გადაწყვეტის საკითხი. ამას სჭირდებოდა გუნდთან შეთანხმება და პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ის, რაც გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის და რაც არ ჰქონდა ,,ოცნების“ ხელისუფლებას, ეს არის პოსტ პანდემიურ პერიოდში მკაფიოდ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მსხვილ ინვესტიციებს, მათ შორის, გადასახადების შემცირების კუთხით. ასევე, არ უნდა იყოს გამიჯნული გარე და შიდა ინვესტიციები. ჩვენ გვჭირდება, რადიკალური ნაბიჯები. უნდა წავიდეთ რისკებზე, მათ შორის, ისეთზე, რომელიც მდგრადი ეკონომიკის განვითარებასთან არ იქნება თავსებადი.

მეორე მიმართულება - ეს არის ფისკალური ეკონომიკის ჩარჩო, რომელიც არსებითად უნდა შეიცვალოს. გახარია იყო ის ადამიანი, რომელიც პირველი გამოვიდა პარლამენტში და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამას მოჰყვა ის, რომ არაეფექტიანი გადასახადების გადახედვა უნდა მომხდარიყო და არა ეფექტიანი გადასახადები უნდა გამოგვეკლო. ასევე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. გამოთავისუფლებული რესურსიდან კი უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება.

რა არის პანდემიის შემდეგ კრიზისის მთავარი მიზეზი? ის რომ, ადამიანებს შეუმცირდათ შემოსავალი და ვეღარ ახდენენ მოხმარების ზრდას. იმისთვის რომ გავზარდოთ მოხმარება, აუცილებელია ხალხს მივცეთ მათ შორის საშემოსავლო გადასახადების შემცირების ხარჯზე შემოსავლის ზრდა, რაც იქნება დასაქმებულების და ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანი შეღავათი.’- განაცხადა ლილუაშვილმა ,,საქმეში“.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერის გუნდში, ,,ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატი გადავიდა. მათ შორის, ერთ-ერთია ბექა ლილუაშვილი. რომელიც პარლამენტარობამდე პრემიერის მრჩეველი გახლდათ ეკონომიკურ საკითხებში.

თამარ მუკბანიანი