ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში ამ ეტაპზე "მსოფლიო ბანკის" 13 აქტიური პროექტია, რომელთა მოცულობა 1 მლრდ დოლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე "მსოფლიო ბანკის" 13 აქტიური პროექტია, რომელთა მოცულობა 1 მლრდ დოლარია.

როგორც ღარიბაშვილმა "მსოფლიო ბანკის" ვიცე-პრეზიდენტთან ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე ბიერდეს გააცნო ხელისუფლების ხედვა მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შესახებ და ამ პროცესში აქტიური ჩართულობა სთხოვა.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აკავშირებს მსოფლიო ბანკთან. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პროექტები, მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2.7 მლრდ აშშ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დასაფინანსებად და დაახლოებით 70-მდე პროექტისთვის. ამჟამად ბანკის მიმდინარე ახალი პროექტების, 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 მლრდ დოლარს, რაც არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა ყველა მიმართულებით, ეს არის ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის გამოცოცხლება. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ განათლების მიმართულებით, ვისაუბრეთ პროფესიული განათლების საჭიროებაზე და ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ვისაუბრეთ ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაზეც ერთობლივად ვმუშაობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანი ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლე და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. ჩვენ გავამზადეთ პირველი დრაფტი დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ძალიან წარმატებული დონორებისთვის, მსოფლიო ბანკისთვის.

მე მას ვთხოვე ამ პროცესში აქტიური ჩართვა, ვინაიდან უფრო მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, რათა მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება 10-წლიან სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მივიღე პოზიტიური პასუხი, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა გაუწიოს მთავრობას კონსულტაცია ამ მიმართულებითაც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რასაც მსოფლიო ბანკი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში უწევს.

„ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინების შეძენის პროცესში. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკს მინდა, საჯარო მადლობა გადავუხადო. ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელს, როგორიცაა „ფაიზერი“, ასევე, ჩვენ ვაქცინები მივიღეთ „კოვაქსის“ პლატფორმიდან - „ასტრაზენეკა“, „ფაიზერის“ პირველი დოზა. ახლა, ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, სადაც ჩვენ წლებია ძალიან წარმატებული გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.