„ისინი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და რაც გვაქვს შედეგად, სახეზეა“ - აკაკი ცომაია გიორგი გახარიას გუნდზე

„ისინი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და რაც გვაქვს შედეგად, სახეზეა“, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ გიორგი გახარიას გუნდის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განვლილ 9 წელზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ მთლიანად „ქართულ ოცნებას ეკისრება, მიღწეული შედეგები „დასაკვეხნი“ არ არის.

“ვაფასებ შედეგების მიხედვით, თუ რა გააკეთა მან მისი საქმიანობის პერიოდში, როგორც შსს-ს მინისტრის, ისე, ბიზნესომბუდსმენის და პრემიერის თანამდებობაზე. ჩემი აზრით, დასაკვეხნი არ არის მიღწეული შედეგები. ვფიქრობ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არა მხოლოდ პრემიერის, არამედ მთლიანი გუნდის პასუხისმგებელობაა. ჯამში არის, 2 - 2.5 ეკონომიკური ზრდა, ინსტიტუციების ფუნქციონირება ფაქტობრივად, გაუარესებულია, ვგულისხმობ, კერძო საკუთრების დაცვის გარანტიებს, სასამართლო რეფორმებს, ზოგადად, ევროპისკენ წინსვლას და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია, მას შემდეგ რაც „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა სათავეში. ამდენად, ვთვლი, რომ იმ პერიდოში, რა დროსაც გახარიას და მის გუნდს მოუწია მთავრობაში ყოფნა, მათ მერ შექმნილი ჯამური პროდუქტით ან შედეგით ვერ დაიკვეხნის“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

მისი თქმით, გახარიას პრემიერობისას იყო პანდემია და მისი მოქმედებების შეფასება რთულია, რადგან გარემო იყო ტურბულენტური და ასეთ დროს ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს. თუმცა, მანამდე ის არა ერთ თანამდებობას იკავებდა და გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.

„გახარია და მისი გუნდი შედარებით გვიან მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ის არ იყო მხოლოდ პრემიერი, ის იყო შს მინისტრი, ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი გარკვეული პერიოდით, ანუ, ის იყო ამ გუნდის წევრი და კოალიციურ რეჟიმში მონაწილეობას იღებდა გადაწყვეტილების მიღებისას. ფორმალურად მაინც, ეს ასე უნდა ყოფილიყო და პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ამ გუნდს, რომელიც 9 წლის განმავლობაში იღებდა გადაწყვეტილებას. მათ შორის, იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდება აუდიტის დასკვნებს, იმას, რაზეც თავად ეს გუნდი საუბრობს, რომ ნეპოტიზმი, კორუფცია არის გაზრდილი, რომ ინსტიტუციებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და ა.შ. თუ ეს იგრძნობოდა, რომ მმართველი პარტია ამას არ შეცვლიდა და ამის გამოსწორება იყო შეუძლებელი, ამ გუნდს თავის დროზე უნდა გაეკეთებინა განაცხადი და დროულად წამოსულიყო ხელისუფლებიდან. ახლა მოცემულ მომენტში, ჯერ ერთი, გაურკვეველია რა არის მათი მთავარი მესიჯი, მაგრამ ისევ უკან მობრუნება და მათთვის რაღაც კრედიტის მინიჭება, რომ ისინი შეძლებენ სასწაულების მოხდენას, ძალიან რთულად დასაჯერებელია, რადგან ისინი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და რაც გვაქვს შედეგად, სახეზეა. არ ვთვლი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია“- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ნინი ქეთელაური