უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს ორ წელიწადში  20 მლნ ლარის ზიანი მიადგა

უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს ორ წელიწადში 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, უწყებამ ჩაატარა ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის ეფექტიანობის აუდიტი და გამოავლინა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია ტყის მართვის, მონიტორინგისა და დაცვის ფუნქციების შესრულების ნაწილში არსებულ სისტემურ ხარვეზებთან, რაც სათანადო რეაგირების მექანიზმების დანერგვას საჭიროებს.

„ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები, რომელიც კვლავ არ კარგავს აქტუალურობას, მნიშვნელოვნად უკავშირდება ტყის რესურსების კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს. სააგენტოს აღარ აქვს უკანონო ჭრების გამოვლენის და მათზე რეაგირების უფლებამოსილება, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − გზდ) მრავალფუნქციური დატვირთვისა და ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, აკონტროლებს მხოლოდ ტყეში შესასვლელ/გამოსასვლელ გზებს, რომელთა შორის მანძილი, დაახლოებით, 30 კმ-ია. შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი ტყის სრულყოფილი კონტროლი. ტყეების სრული მონიტორინგი და კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ტყის მცველების მიერ, შესაბამისი ფართობების დაქვემდებარებით. ამავდროულად, ფიზიკურ დაცვასთან ერთად კონტროლის გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა დაცვითი და სამეთვალყურეო ტექნიკა. ასევე: არის რისკები, რომ სათანადოდ არ ხორციელდება სოციალური ჭრების ფარგლებში გამოყოფილი ტყეკაფების მონიტორინგი სააგენტოში არასაკმარისი რესურსების გამო, რაც ზრდის ხე-ტყის უკანონოდ მითვისების შესაძლებლობებს, ეკოსისტემების დაზიანების რისკებს და ამავდროულად ამცირებს მისაღებ შემოსავლებს. გამოვლენილი უკანონო ჭრების შედეგად, სახელმწიფოს 2017-2019 წლებში მიადგა 20.0 მლნ ლარის ზიანი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ხელი შეეწყოს ადგილობრივი რესურსებით ბიოსაწვავის მიღების პოტენციალის ზრდას, რომელიც გარკვეულწილად შეამცირებს როგორც შეშაზე მოთხოვნას, ასევე იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოხმარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ტყის რესურსების განვითარებას.

ნინი ქეთელაური