„გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა“

„გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა“,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა ტყეების სისტემატური ინვენტარიზაცია, რაც მიუთითებს მათი მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის ფლობაზე და ართულებს ტყის გრძელვადიანი და რაციონალური გამოყენების დაგეგმვას.

„გაზიფიცირებული სოფლების მატების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობისთვის შეშა კვლავ გათბობის ძირითადი წყაროა. არსებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ტყეკაფების გამოყოფას, სადაც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს შეშის მოპოვება, შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს. მოსახლეობა სრულად არ ითვისებს გამოყოფილ რესურსს, თუმცა ამავდროულად, კვლევების მიხედვით, რეალური მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება გამოყოფილი რესურსის მოცულობას. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მოსახლეობა შეშის მოსაპოვებლად მიმართავს უფრო მარტივ საშუალებას, როგორიცაა, არალეგალური შესყიდვა ან მოპოვება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ტყის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს“,- აღნიშნულია ნაგრიაშში.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, ლიცენზიანტების მიერ არ ხორციელდება სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება, რის შედეგადაც გარემოს 2017-2019 წლებში მიადგა 5,2 მლნ ლარის ზიანი, ხოლო ამავდროულად გაუქმდა 2 ლიცენზია, მიმდინარე და წინა შემოწმებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით.

„გზდ-ის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედების მიუხედავად, ლიცენზიანტების მიერ ტყისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირება მაინც არ არის უზრუნველყოფილი. ზიანისთვის გადახდილი ჯარიმის თანხა მიემართება ბიუჯეტში და ნაწილდება სხვადასხვა პროექტსა თუ პროგრამაზე, შედეგად აღნიშნული რესურსი არ გამოიყენება ტყის ფართობების აღდგენისთვის. უმეტეს შემთხვევებში, მართვის გეგმები არ ითვალისწინებს ტყით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ტერიტორიაზე უკანონო ჭრის ფაქტების დაფიქსირების შემდგომ ტყის საკომპენსაციო აღდგენით ღონისძიებებს, რაც ასევე ასახული იყო წინა პერიოდში განხორციელებული ხე-ტყის კომერციული მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ წარდგენილ მართვის გეგმებში, ლიცენზიანტების მიერ ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის აქტივობების გასაუმჯობესებლად-ცვლილებები არ განხორციელებულა.

სააგენტოს მიერ სრულად არ არის დადგენილი მერქნული რესურსის ის ოდენობა, რომლის მოხმარებაც არ გამოიწვევს ტყის შემცირებას. საჯარო დაწესებულებების მიერ სააგენტოსთვის საშეშე რესურსის დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი ქმნის მათ მიერ აღნიშნული რესურსის არარაციონალურად გამოყენების რისკებს, რამაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ტყის ეკოსისტემებზე. ზოგიერთი საჯარო სკოლის მხრიდან დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ალტერნატიული ენერგორესურსის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭებოდა საშეშე რესურსის მოხმარებას. აღნიშნული საკითხი ასევე ასახული იყო წინა პერიოდის ტყის მერქნული რესურსის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში, რაც არ შესრულებულა.

საქართველოში არსებობს ხე-ტყის ჭრის შედეგად ნარჩენი მერქნული რესურსით ბიოსაწვავის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა აღნიშნული რესურსის გამოყენება დაიწყო 2020 წელს და მოიცვა მხოლოდ კახეთისა და ქვემო ქართლის გარკვეული სატყეო მონაკვეთები. მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ადგილობრივი რესურსებით ბიოსაწვავის მიღების პოტენციალის ზრდას, რომელიც გარკვეულწილად შეამცირებს როგორც შეშაზე მოთხოვნას, ასევე იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოხმარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ტყის რესურსების განვითარებას“,- წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მერქნული რესურსის რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული აუქციონების 37% ჩაიშალა. შედეგად, დროთა განმავლობაში ხორციელდებოდა რესურსის გადახარისხება, რაც ამცირებდა შეფასებულ თავდაპირველ ღირებულებას და შესაბამისად, მისაღები შემოსავლების ოდენობას. მათივე ცნობით, აუქციონზე განმეორებით რეალიზაციის შემთხვევებში, გასაყიდი მასალის ხარისხისა და ფასის კლების ერთ-ერთი მიზეზია სააგენტოს მიერ ბაზარზე მოთხოვნილზე მეტი რესურსის დამზადება, რაც არასისტემურ მიდგომაზე მიუთითებს.

ნინი ქეთელაური