რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი FDI განხორციელდა - ლიდერი ისევ თბილისია

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული 125.4 მლნ დოლარის ინვესტიციიდან, დედაქალაქის წილი 84,7% იყო. ანუ წელს თბილისში 106.4 მლნ დოლარის FDI განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საქართველოს 5 რეგიონს, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა:

  • თბილისი - 106.295 მლნ დოლარი
  • სამცხე-ჯავახეთი - 16.267 მლნ დოლარი
  • აჭარა - 8.549 მლნ დოლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2.644 მლნ დოლარი
  • მცხეთა-მთიანეთი - 1.280 მლნ დოლარი

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის 1-ელ კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით (22.2 პროცენტი).