მსოფლიოში მსხლის მოსავალი 1,2 მლნ ტონით შემცირდება

წლევანდელ სეზონზე მსოფლიოში მსხლის მოსავალი 1,2 მლნ ტონით შემცირდება და 22,1 მლნ ტონას შეადგენს. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ამ პროგნოზს პორტალი EastFruit ავრცელებს. მიზეზი ჩინეთის ცუდი ამინდები და ტვირთბრუნვის შემცირებაა.

ამერიკელების პროგნოზით, ჩინეთში მსხლის მოსავალი 16 მლნ ტონამდე შემცირდება, რადგან ხებეის პროვინციაში, სადაც ეს ხილი ყველაზე მეტი რაოდენობით მოყავთ, აპრილში მოყინა.

ჩინეთისგან განსხვავებით, ევროპაში 280 ათასი ტონით მეტ მოსავალს მოელიან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს იქაც ცუდი ამინდები იყო და ფერმერებმა მავნებლებისგანაც იზარალეს, ევროპაში წლევანდელი სეზონის მსხლის მოსავალი 2,3 მლნ ტონა იქნება. თუმცა დიდი მოსავლის მიუხედავად, ევროკავშირიდან მსხლის ექსპოტი 270 ათასი ტონით შემცირდება, რადგან პირენეის ნახევარკუნძულზე სეტყვისა და ნალექის გამო მოსავალი მეტად დაზიანადა. შესაბამისად, შემცირდება საექსპორტო მიწოდებები, განსაკუთრებით ბრაზილიის მიმართულებით.

რაც შეეხება ამერიკულ მსხალს, აშშ-ში ამ ხეხილის ფართობების შემცირების შედეგად, მსხლის მოსავალი 37 ათასი ტონით შემცირდება და 608 ათას ტონას შეადგენს. მსხლის ფართობები მცირდება არგენტინაშიც, სადაც მრავალწლიანი ზრდის ტენდენციის შემდეგ, მოსავალი 620 ათას ტონამდე შემცირდება.

სამხრეთ აფრიკაში მსხლის მოსავლის სტაბილურ რაოდენობას - 410 ათას ტონას მოელიან. იქ მსხლის მოშენება აქტიურად მიმდინარეობს, რადგან გვალვების შემდეგ ფერმერები ძველ ხეებს ახალი ნერგებით ცვლიან. სტაბილური იქნება სამხრეთაფრიკული მსხლის ექსპორტიც და 230 ათასი ტონის ნიშნულზე შენარჩუნდება.

არახელსაყრელი ამინდების გამო, 43 ათასი ტონით ნაკლები მსხალი მოვა რუსეთში და მთლიანობაში 247 ათასი ტონა იქნება. თუმცა რუსეთში მსხლის იმპორტი 36 ათასი ტონით გაიზრდება და 230 ათას ტონას შეადგენს. ეს ქვეყანა მსხლის ერთ-ერთი მსხვილი იმპროტიორია მსოფლიოში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ