NBCUniversal ტოკიოს ოლიმპიადიდან ყველაზე დიდ მოგებას მოელის -  ტელეკომპანიას 1.25 მლრდ დოლარის სარეკლამო ეთერი აქვს გაყიდული

NBCUniversal-ისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე მომგებიანი იქნება. ამის შესახებ კომუნიკაციის სფეროში Credit Suisse-ის ყოველწლიურ, 23-ეკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს NBCU-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ შელმა განაცხადა. ინფორმაციას DigitalTV Europe ავრცელებს.

ჯეფ შელის თქმით, კომპანია საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი ოლიმპიური თამაშების როგორც რეიტინგის, ისე ეკონომიკის მიმართ და რეკლამის განმთავსებლებსაც ანალოგიური განწყობა აქვთ.

კომპანია სარეკლამო კონტრაქტების საბოლოო თანხას არ ასახელებს. 2020 წელს, ოლიმპიადის გადადებამდე NBCU-მ აშშ-ში 1.25 მლრდ დოლარის ოლიმპიური სარეკლამო ეთერი გაყიდა. 2032 წლამდე აშშ-ში ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობის უფლების მოსაპოვებლად NBCUniversal-ს 7,65 მილიარდი დოლარი აქვს გადახდილი.

ტელეკომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ 7000-ზე მეტი საათის ტრანსლაცია ექნება როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე Peacock-ის სტრიმინგ სერვისით, რომელსაც აშშ-ში 42 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

იაპონიის მთავრობა ტოკიოსა და კიდევ რამდენიმე პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას განიხილავს, მაგრამ შენარჩუნდება გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა, მაგალითად, რესტორნების სამუშაო საათები.

15 ივნისს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს პანდემიასთან ბრძოლის წესების კრებული, რადგან თვლიან, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებასა და საზოგადოებრივ აზრზე დადებითად იმოქმედებს. მანამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ქოუთსმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გამართვას ხელს ვერ შეუშლის. ამ გნაცხადებამ ქვეყანაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

NHK-ის გამოკითხვით, იაპონიის მოსახლეობის ერთი მესამედი თამაშების გაუქმების მომხრეა, ორი მესამედი კი მაყურებლის რაოდენობის შეზღუდვას ან ოლიმპიადის მნახველების გარეშე ჩატარებას ემხრობა. ორგანიზატორებმა უკვე გადაწყვიტეს, არ დაუშვან თამაშებზე უცხოელი მაყურებელი და თვის ბოლოს იაპონიას ეწვევიან.

სავარაუდოდ, ოლიმპიურ თამაშებში 11 000 სპორტსმენი და მთლიანობაში 78 000 ჟურნალისტი, თანამდებობის პირი და თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. ცნობისათვის, იაპონიაში ინფიცირების 772 ათასზე მეტი და სიკვდილიანობის 14 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ