საქართველოში პეკანის კაკლის გადამუშავება დაიწყო - რა ღირს და რა საექსპორტო პერსპექტივა აქვს პროდუქტს

თხილის გადამამუშავებელმა ქართულმა კომპანია Georgian Products Renaissance (GPR)-მა თავის წარმოებას თხელნაჭუჭა, წარგძელებული თხილის ფორმის ამერიკული ჯიშის კაკალ პეკანის გადამუშავების ხაზი დაამატა.

ახალ ხაზში ინვესტიციის საერთო ოდენობამ 70 000 დოლარი შეადგინა, რომლის 40% USAID-მა დააფინანსა. მიმდინარე წელს უკვე დაგეგმილია ქართული პეკანის ექსპორტი ევროკავშირსა და ჩინეთში. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პორტალი EastFruit ავრცელებს.

კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ EastFruit-ს განუცხადა, რომ რაკი პეკანის კაკლის ფორმა თხილისგან განსხვავდება, მისი დამუშავებისთვის კომპანიას ახალი დანადგარები დასჭირდა, რაც აშშ-დან ჩამოიტანეს. ეს ქვეყანა პეკანის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ამჟამად GPR შარშან შეძენილი 22 ტონა პეკანის პირველი მოსავლის გადამუშავებას ეწევა. გადამამუშავებელი ხაზი მოიცავს გაშრობას, დალაგებას, გატეხვასა და დაფასოებას.

GPR-ში ახალი ხაზის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეიტყვეს, რომ კახეთის რეგიონში პეკანის მოსავალი კარგად მოდის. კახეთში GPR-ს გახსნილი აქვს საწარმო Agritreid, რომელიც თხილის გადამუშავებასა და შენახვას ეწევა. Agritreid-მა ადგილობრივ ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

„აღმოჩნდა, რომ კახეთში პეკანის ხეები გასული საუკუნის დასაწყისიდან ირგვება, მაგრამ წარმოების მოცულობა მეტად დაბალია. ადგილობრივები მის წარმოებას დიდ დროს არ უთმობენ. ზოგიერთმა არც კი იცის, რომ პეკანი მოჰყავს და მას სხვადასხვა სახელს არქმევს,“ - აცხადებს ბაია სალუქვაძე.

ადგილობრივი მოსავლიანობის შესწავლისა და უცხოელ მყიდველებთან გასაუბრების შემდეგ, კომპანიამ კახური პეკანის შესყიდვა გადაწყვიტა. კილოგრამ ქერქიანი პეკანიდან კომპანიამ, საშუალოდ, 45-46% გასუფთავებული კაკალი მიიღო.

GPR-ის კუთვნილი Agritreid ნოემბერში ფერმერებისგან დიდი რაოდენობით პეკანის შესყიდვას აპირებს, რადგან ამ პერიოდში კახეთში მოსავლის შეგროვება იწყება. დაგეგმილია მთლიანად 100-დან 150 ტონამდე პეკანის კაკლის შესყიდვა როგორც კახეთში, ისე აჭარაში. გასულ წელს კომპანიამ შესყიდვები გვიან დაიწყო და პეკანი შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ პროდუქტის ტესტირებისთვის იყიდა.

რაც შეეხება ფასს, გასულ წელს GPR-მა ფერმერებს კილოგრამ ქერქიან პეკანში 8-დან 10 ლარამდე (დაახლოებით 3 დოლარი) გადაუხადა. ამ რიცხვებს შორის ფასი პეკანის ზომისა და ხარისხის მიხედვით იცვლებოდა. საექსპორტო ბაზრებზე კილოგრამ პეკანის გულის ფასი 9-დან 11 დოლარს შორის იცვლება. რეალიზაციის გარდა, კომპანია ფერმერებს მოსავლის შეგროვებაშიც ეხმარება. გასულ წელს მთავრობის მხარდაჭერით GPR-მა შეიკერ-მანქანები შეიძინა, რომელიც ხიდან კაკალს ავტომატურად ბერტყავს. კომპანია ფერმერებს შეიკერ-მანქანებით სერვისს სთავაზობს.

ბაია სალუქვაძის შეფასებით, საქართველოში პეკანის მოსაყვანად ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ეს ხეები ყინვასა და სეტყვას კარგად უძლებენ და კარგი მოსავლიანობითაც გამოირჩევიან. 1 ხე, საშუალოდ, 100 კგ ქერქიანი პეკანის კაკალს იძლევა, ხოლო ძველ ხეს 40-50 კგ კაკლის მოცემა შეუძლია. პეკანის ხეს 7-8 წელი სჭირდება იმისთვის, რომ პირველი მოსავალი დაიბერტყოს, რაც ინვესტიციებისთვის, ერთი შეხედვით, ნაკლებად მიმზიდველი პერიოდია, მაგრამ 7 წლის თავზე დანახარჯი თავისუფლად ანაზღაურდება.

წელს ქერქიანი პეკანის კაკალს კომპანია ექსპორტზე ჩინეთში, პეკანის გულს კი პოლონეთში გაიტანს.

GPR 2014 წლიდან მხოლოდ თხილის გადამუშავებასა და ექსპორტს ეწეოდა. ის კახეთსა და სამეგრელოში საკუთარ საწარმოებს ფლობს. კომპანიას ექსპორტზე წელიწადში, საშუალოდ, 2000 ტონა თხილი გააქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ