ადგილობრივი ექსპორტი 26.6%-ით არის გაზრდილი

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 538.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და 1 123.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (250.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (185.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (125.9 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი).

თაია არდოტელი