American Airlines-მა მფრინავების დეფიციტის გამო ივლისის რეისები შეამცირა

American Airlines-მა ივლისის შუა რიცხვებამდე ავიარეისების საერთო გრაფიკი 1%-ით შეამცირა. სხვადასხვა მიზეზს შორის პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და ტექნიკური მომსახურების დეფიციტი დასახელდა. CNBC ფრენებზე ზედამხედველობის ვებგვერდ FlightAware-ის მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შაბათს American Airlines-მა 123 რეისი ანუ ფრენების ძირითადი განრიგის 4% გააუქმა, კვირას კი 6%, ანუ 180 რეისი. ეს რეისების საერთო რაოდენობის, მათ შორის რეგიონალური გადაყვანების 3%-ია.

აქედან თითქმის ნახევარი ეკიპაჟის მიუწვდომლობის გამო გადაიდო. თუმცა ივნისის პირველ ნახევარში შარლოტისა და დალასის საერთაშორისო აეროპორტებში American Airlines-ის მომსახურების ჩავარდნები უამინდობამაც გამოიწვია.

„უამინდობამ და სამუშაო პერსონალის დეფიციტმა, აგრეთვე, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის საკმაოდ სწრაფმა ზრდამ იძულებული გაგვხადა, ივლისის შუა პერიოდამდე დაგეგმილ ფრენებში კორექტივები შეგვეტანა,“ - ნათქვამია American Airlines-ის განცხადებაში.

ავიაკომპანიაში სწორედ უამინდობას უკავშირებენ იმას, რომ ეკიპაჟმა რეისის განხორციელებისთვის სამუშაო ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო. ამას 15 000-მდე მფრინავის გაერთიანება „მოკავშირე მფრინავთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დენის ტაჯერი აპროტესტებს და აცხადებს, რომ კომპანიამ მფრინავებს წინასწარ უნდა შესთავაზოს მეტი ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რათა პერსონალის დეფიციტის გადაფარვის მიზნით, მფრინავებს გრაფიკში მეტი მოქნილობა და მოტივაცია ჰქონდეთ.

„ავიაკომპანიები პლასტირს ადებენ იმ ადგილებს, სადაც ნაკერების დადებაა საჭირო,“ - აცხადებს დენის ტაჯერი, რომელიც ამავე დროს Boeing 737-ის კაპიტანია.

თვის დასაწყისში American Airlines აცხადებდა, რომ მისი მგზავრთა გამტარიანობის რესურსი მეორე კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-25%-ით შემცირდება. United Airlines გამტარიანობის 46%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, Delta Air Lines – 32%-ით, ხოლო Southwest Airlines მხოლოდ - 3%-ით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ