ბაზარზე მაწყვის შესაფუთი ბიოაქტიური კონტეინერები გამოჩნდა, რომელიც პროდუქტის შენახვის ვადას ზრდის

კანადის ნაციონალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (INRS) მეცნიერებმა მარწყვის ბიოაქტიური შესაფუთი კონტეინერი გამოიგონეს, რომელსაც ახალი ხილის შენახვა 12 დღის განმავლობაში შეუძლია. კვლევის შედეგები ჟურნალ Food Hydrocolloids-მა გამოაქვეყნა.

შესაფუთი მასალა დამზადებულია ქიტოზანისგან (პოლისაქარიდისგან), რომლის მოლეკულებიც მავნე სოკოს გავრცელებას აკავებს. შესაფუთი მასალა, ასევე, ეთერზეთებსა და ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნანონაწილაკებს შეიცავს.

„ეთერზეთის ორთქლი მარწყვს იცავს, ხოლო როცა შესაფუთი კონტეინერის კედლები ხილს ეხება, ქიტოზანი და ნანონაწილაკები კენკრის ზედაპირზე ობისა და დაავადების მიკროორგანიზმების მოხვედრას ხელს უშლის," - აცხადებს INRS-ის პროფესორი და კვების პროდუქტების სფეროს ექსპერტი მონიკ ლაკრუა. მისი თქმით, შესაფუთმა მასალამ გაუძლო ბაღის მარწყვის ისეთ მავნე დაავადებას, როგორიცაა Aspergillus niger. გარდა ამისა, მასალამ გამოავლინა ანტიმიკრობული ეფექტიანობა ისეთი პათოგენების მიმართ, როგორიცაა Escherichia coli, Listeria monocytogenes და Salmonella Typhimurium. ეს პათოგენები კვების პროდუქტების გადამუშავების დროს დაბინძურების შედეგად ჩნდებიან და მწარმოებლების დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს.

პროფესორ მონიკ ლაკრუამ და მისმა გუნდმა ბიოაქტიურ კონტეინერში მოთავსებული მარწყვი იონიზირებული სხივებითაც დაასხივეს. როცა შეფუთული მარწყვი რადიაციის ქვეშ მოექცა, სტანდარტულ შეფუთვასთან შედარებით, შესანახი ვადა მკვეთრად გაიზრდა, ხოლო კენკრის დანაკარგი 50%-ით შემცირდა.

სტანდარტული შენახვის მე-12 დღეს მეცნიერებმა მარწყვის 55%-იანი დანაკარგი დააფიქსირეს, ბიოაქტიურ შესაფუთ კონტეინერში კენკრის 38% გაფუჭდა, ხოლო იონიზირებული დასხივების ქვეშ მყოფი შეფუთული მარწყვი მხოლოდ 25%-ით დაიკარგა. დასხივებამ არა მხოლოდ შენახვის ვადა გაახანგრძლივა, არამედ კენკრას უფრო მეტი პოლიფენოლის შენარჩუნებაში დაეხმარა. ეს ანტიოქსიდანტური თვისებების მოლეკულებია, რაც მარწყვს, ასევე, ფერს აძლევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ