ენერგოომბუდსმენის განცხადებით, 1-ლი ივლისიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, თუმცა, ეს ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, 1-ლი ივლისიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, თუმცა, ეს ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება.

„ამ ეტაპზე ტარიფების ზრდა არ იქნება, ეს არანაირი ხარჯი არ იქნება მომხმარებლისთვის. ამას ვერც მოვიწონებთ და ვერც დავთანხმდებით. ამ ეტაპზე იცვლება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის დასახელება. შეიცვლება კონკრეტული პროცედურები, გვექნება სირთულეები, მაგრამ ტარიფის ზრდა და რაიმე სახით მატერიალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მომხმარებლებზე ასახვა არ იქნება“,-განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ცვლილება მორგებულია მოსახლეობის ინტერესს და მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს მომხმარებლებისთვის.

„ჩვენ გვეყოლება ახალი მიმწოდებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელური საქმიანობა და მიწოდების საქმიანობა ელექტროენერგეტიკაში ერთმანეთს გაემიჯნება. აქამდე ჩვენ გვყავდა სრული მონოპოლისტები, რომლებიც ახორციელებდნენ როგორც ქსელურ საქმიანობას განაწილების თვალსაზრისით, ასევე მიწოდების საქმიანობას. 1-ელი ივლისიდან ქსელური საქმიანობა გაემიჯნება მიწოდებას და წესით, ბაზარზე გაჩნდებიან სხვა მიმწოდებლებიც, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ. მონოპოლისტური საქმიანობა ყოველთვის უარესია, ვიდრე კონკურენტული. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკეთესი იყო ენერგეტიკის სექტორში ყოფილიყო რაღაც ტიპის კონკურენცია და მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეძლებოდა, ხოლო კომპანიები დაინტერესებული ყოფილიყვნენ საუკეთესო მომსახურების მისაწოდებლად. ეს ცვლილება მორგებულია მოსახლეობის ინტერესს და მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ასეთი ტიპის ცვლილებას დადებითად ვაფასებ. სრულად ვარ ამ პროცესში ჩართული და ვიცი, რომ პროცესი მარტივი არ იქნება. იქნება გაუგებრობები და შეკითხვები. შესაბამისად, ჩვენი სამსახური მომზადებულია იმისთვის, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად ვიმუშაოთ“,-განაცხადა ვარდიაშვილმა.