თამარ გაბუნიას განცხადებით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების მოხსნაზე მსჯელობა არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების მოხსნაზე მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვიდრე მოსახლეობის მინიმუმ 30% იმუნიზაციას არ ჩაიტარებს, ნაადრევია პირბადეების ტარების რეკომენდაციის შემსუბუქებაზე საუბარი.

„ვფიქრობ, ის ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღარ დავუბრუნდეთ მკაცრი შეზღუდვების რეჟიმს და პანდემიის კონტროლი მოხდება ალტერნატიული ღონისძიებებით.

როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე რეჟიმში ეპიდვითარებიდან გამომდინარე განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას. ყველაზე ქმედით შეზღუდვად რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, ასევე პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენება დღეს კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე მოსახლეობის სულ მცირე 30%-ის ვაქცინაციის მოცვა არ მოხდება, მანამდე ნაადრევია პირბადეების შემსუბუქებაზე საუბარი", - აღნიშნავს გაბუნია.