„ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა, რამაც შეიძლება გარკვეული რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში“ - რა შედეგის მომტანი იქნება აქციზის გადასახადის გაუქმება

„ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა, რამაც შეიძლება გარკვეული რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში და ასეთი ერთ-ერთი არის საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, აუცილებელია აქციზის გადასახადის გაუქმება, ის თანხა კი, რომელიც ბიუჯეტს მოაკლდება, მოსახლეობაში „ჩატოვებული ფული“ იქნება.

ცნობისთვის, „ევროპულ საქართველო“ ქვეყანაში აქციზის გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

„პირველ რიგში, დავიწყებ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებით, აქედან 450-500 მლნ შეიძლება ბიუჯეტში არ შევიდეს, მაგრამ ეს იქნება მოსახლეობაში ჩატოვებული ფული. როდესაც ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, რომელმაც გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის უმუშევრობა. როდესაც ეკონომიკური სტაგნაციაა და არამარტო, ხრამისკენ მივემართებით; ისეთ პირობებში, როდესაც მთავრობის ვალმა, ე.წ საგარეო ვალმა, ზღვარს, 60%-ს გადააჭარბა და ქვეყანა ფაქტობრივად, ბანკროტის წინაშეა, როდესაც ინვესტიციები აღარ შემოდის, სამუშაო ადგილები აღარ იქნება და ა.შ. ასეთ პერიოდში ერთადერთი გამოსავალი, ქირურგიული ჩარევა, რამაც შეიძლება გარკვეული რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში და ასეთი ერთ-ერთი არის საწვავზე აქციზის გაუქმება. ეს გამოიწვევს, ბენზინზე მინუს 40 თეთრს, რომელიც მაშინვე აისახება. მაგალითად, ხელისუფლებამ დღესვე რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და გააუქმოს აქციზის გადასახადი, ხვალ უკვე შესაძლოა, 40 თეთრით ნაკლებად მიიღოთ საწვავი“,- განაცხადა ლაშა დამენიამ.

მისი თქმით, სტაგნაციის პირობებში, ნებისმიერი მიმართულებით გადასახადების შემცირება, ერთადერთი გამოსავალია.

„შესაძლოა, მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ მესამე-მეოთხე კურსის მასალებშია ასახული, რომ როდესაც ეკონომიკური სტაგნაციაა ქვეყანაში, საუკეთესო გამოსავალია გადასახადების დაწევა, რომ ბიზნესმა მოახდინოს რეინვესტირება საკუთარ ბიზნესში და ამით შექმნას მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, მეტი თანხა დარჩეს მოსახლეობას.

თუნდაც, საშემოსავლო ნაწილში, რომელიც დღეს 20%-ს შეადგენს, „ევროპული საქართველო" 2 წელია უკვე ხელისუფლებას სთავაზობს, რომ როგორღაც ამ საკითხშიც მოხდეს ფასების დაწევა. ეს ყველა ვარიანტში მისცემს დამსაქმებელს იმის საშულებას, რომ უფრო მეტი თანამშრომელი აიყვანოს. დღეს, თუნდაც საპენსიო გადასახადის პირობებში, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითად, 5 ადამიანი თუ მუშაობდა პატარა სასტუმროში, მეპატრონე იძულებული ხდება დაასაქმოს 4-ან 3, რადგან ის პროცენტი, რომელიც სახელმწიფომ შემოიღო, ფაქტობრივად, თავად დამსაქმებელს დააწვა. დღეს საპენსიო გადასახადი რომ გაუქმდეს, ადამიანები დაგროვილ თანხას თავადვე განსაზღვრავენ, რაში დახარჯონ. დამსაქმებელს კი გაუჩნდება საშუალება, რომ ნაცვლად ოთხისა, 5 ადამიანი დაასაქმოს.

„ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს იყოს მშობლის როლში, საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც აქსიომაა. როდესაც სახელმწიფო ცდილობს მშობლის როლში იყოს და მოსახლეობას ასწავლოს, თუ სად, როგორ უნდა დახარჯოს და მიმართოს თანხები, ყოველთვის ავტოკრატიისკენ მიმავალი გზაა. სახელმწიფო უნდა შეეშვას ამ გზას, რასაც ე.წ მზრუნველი მშობლის როლი ჰქვია და თვითონ ადამიანებს უნდა მისცეს საშუალება, თავად გადაწყვიტოს ის თანხები დააგროვოს, თუ რამე პრობლემისთვის გამოიყენოს “,- განაცხადა ლაშა დამენიამ.

ნინი ქეთელაური