IDFI - 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯია გაწეული

IDFI-მ 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა შეისწავლა და აღნიშნავენ, რომ 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯია გაწეული.

როგორც კვლევაში აღნიშნავენ, სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში. მათივე ცნობით, სარეზერვო ფონდების განკარგვის გამჭვირვალე პროცესს, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის შეკავება.

„2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულია 14.7 მილიონი ლარის ხარჯი. 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის 63% (9.26 მილიონი ლარი) 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი - 6.21 მილიონი ლარი, ბათუმი -1.25 მილიონი ლარი, რუსთავი - 1.18 მილიონი ლარი, ქუთაისი - 620 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდზე მოდის. ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა (2,404,700 ლარი) მოხმარდა კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს. მაგალითად, მერიის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, დაინფიცირებისაგან დამცავი საშუალებების შესაძენად ჯამში 724,064.20 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს, წინა წელთან შედარებით თბილისის სარეზერვო ფონდის 1.6 მილიონით ზრდის მიუხედავად, სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება 26%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად განპირობებულია COVID-19 გამოწვეული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი თანხის მიმართვით. ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯებიდან 1.09 მილიონი ლარი მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებებს, ხოლო 151.5 ათასი ლარი საკარანტინე სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებას. 2020 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წინა წელთან შედარებით, 836 ათასი ლარით გაიზარდა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე დაიხარჯა.

2020 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის დაახლოებით 90% (555.9 ათასი ლარი) მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას. დანარჩენი 50 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს გაწეული ხარჯებიდან 28% (1.54 მილიონი ლარი) მოხმარდა პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას, 23% (1.24 მილიონი ლარი) მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას, 14% (744.2 ათასი ლარი) - სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 8% (425.4 ათასი ლარი) სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯს, ხოლო დანარჩენი 27%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულიად უცნობია“,-აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.

რაც შეეხება დასკვნებს, როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში აღნიშნავენ, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია.

„ცალკეული მუნიციპალიტეტები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში. მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის არაერთგვაროვან პრაქტიკაზე ნათლად მეტყველებს, 2020 წელს პანდემიასთან საბრძოლველად თანხების გამოყოფის პრაქტიკა. მაგალითად, უშუალოდ პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ 26-მა მერიამ გამოყო. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ თანხის გამოყოფის პრაქტიკა ნაკლებად კავშირშია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადაც ყველაზე მეტად იყო გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2020 წელს წინა წელთან შედარებით შეამცირა სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები არ შეინიშნებოდა, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო ცენტრალური ქუჩებისა და მოედნების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით.

მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები, რაც ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს. ასევე, განსაკუთრებით პრობლემურია მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არაერთგვაროვანი აღრიცხვის პრაქტიკა და ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გასაჯაროება.

სარეზერვო ფონდების განკარგვის გამჭვირვალე პროცესს, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის შეკავება. მაგალითად, სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი მიმართულია მოქალაქეთა ფინანსურ დახმარებებზე. აღნიშნული პროცესის გაუმჭვირვალე წარმართვა, მნიშვნელოვან რისკებს აჩენს საბიუჯეტო სახსრების არასამართლიანი განაწილების თვალსაზრისით“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. კვლევის დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.