„პარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ოპოზიციიდანაც, არ მიიჩნევს, რომ გადასახადები შესამცირებელია“

„პარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ოპოზიციიდანაც, არ მიიჩნევს, რომ გადასახადები შესამცირებელია“,- ამის შესახებ დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები უფრო ხშირად ისეთ ინიციატივებს ასახელებენ, რომელიც სრულიად უიმედოა მიღების თვალსაზრისით.

ცნობისთვის, „ევროპულ საქართველო“ ქვეყანაში აქციზის გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს (და სამწუხაროდ, როგორ უნდა მოგვარდეს, ჯერ არ ვიცი), რომ ამ საკითხს სჭირდება ბევრი საუბარი. იმიტომ, რომ იდეების დონეზე გვაქვს სხვადასხვა ხედვა, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ოპოზიციის დიდ ნაწილს. ელემენტარულად, იმაზე ვერ ვთანხმდებით, რომ გადასახადი შესამცირებელია. სანამ კანონპროექტს შევიტანთ, ან ინიციატივას გავაჟღერებთ, მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტი მოვამზადოთ. იმიტომ, რომ რადგან წინასაარჩევნო პერიოდი გვაქვს, ჩემი კოლეგები უფრო ხშირად ინიციატივებს ასახელებენ, მაგრამ სრულიად უიმედოა მიღების თვალსაზრისით. ასე რომ, ერთის მხრივ, მე ყველანაირად ვემხრობი ყველანაირი გადასახდის შემცირებას, მეორეს მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. როგორც კი ამაზე თანხმობა იქნება პარლამენტში, უკვე ტექნიკური საკითხი იქნება რა ფორმით, როგორ და რომელ გადასახადს შევამცირებთ. თუმცა, ჯერ პარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ოპოზიციიდანაც, არ მიიჩნევს, რომ გადასახადები შესამცირებელია, სამწუხაროდ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ნინი ქეთელაური