ბრიუსელმა „მწვანე შუქი“ აუნთო სანქციებს, რომლებიც ბელარუს ჩინოვნიკებს ევროკავშირში შესვლას უკრძალავს, მათი აქტივები კი გაიყინება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა.

„დღეს ევროკავშირმა ბელარუს ხალხს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი გაუგზავნა და დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, რათა მინსკმა ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, ბოლო მოუღოს შემდგომ რეპრესიებსა და საერთო ეროვნული დიალოგი გამოაცხადოს,“ - წერს მიშელი.

რადიო „თავისუფლება“ იუწყება, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დარგობრივი სანქციების დაწესებას პოლიტიკური „მწვანე შუქი“ აუნთეს. რადიოს ცნობით, სანქციები კალიუმის ექსპორტს, ნავთობისა და ფინანსურ სექტორს შეეხება. საბოლოო გადაწყვეტილებას ლიდერები ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ და სამიტიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურად დამტკიცდება.

10 დღით ადრე სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი 71 პირსა და 7 ორგანიზაციას შეეხება. ამ პირებს შორის მოსამართლეები და პროკურორებიც არიან, რომლებსაც საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. სიაში, აგრეთვე, არიან პარლამეტარები, სამთავრობო ჩინოვნიკები და სამართალდამცველები. სანქციები შეეხება ხელისუფლებასთან დაახლოებულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებსაც, აგრეთვე, სხვადასხვა დარგის კომპანიებსა და ექპორტიორებს, რომლებიც, ბრიუსელის აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ემხრობიან.

სანქციების სიაში მოხვედრილ პირებსა და ბიზნეს-ლიდერებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ, მათი აქტივები კი გაიყინება. ამ სანქციებით ლუკაშენკოს ხელისუფლება მინსკის აეროპორტში სამხედრო ავიაციის გამოყენებით Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის იძულებით დაფრენის გამო დაისჯება, რისი მიზანიც ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრება იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ