კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა

კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის განცხადებით, 50-წლიანმა ემბარგომ უდიდესი ადამიანური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. როგორც გუშინ მოსახლეობისთვის მიმართვაში კუბის პრეზიდენტმა განაცხადა, თანამედროვე სამყაროში დიალოგი და თანამშრომლობა უკეთესია, ვიდრე კონფრონტაცია.

"მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის პირველივე დღიდან არაერთხელ ვიმეორებდი, რომ მზად ვართ, აშშ-ის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ეს დიალოგი სუვერენულ თანასწორობასა და ჩვენი ხალხის თვითგამოხატვის ნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული", - განაცხადა კუბის ლიდერმა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო. მისი განცხადებით, აშშ კუბაში საელჩოს გახსნის, აშშ ასევე მოლაპარაკებებს წარმართავს კუბასთან ისეთი პრობლემური საკითხების გადაჭრაზე, როგორიც არის მიგრაციის, ნარკოვაჭრობის, გარემოს დაცვისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. ობამას განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეებს კუბაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ, თუმცა ამ აკრძალვის გაუქმება საბოლოოდ კონგრესს შეუძლია; გაფართოვდება ქვეყნებს შორის ვაჭრობა, ამერიკულ ბანკებს კუბაში საკუთარი ოფისების გახსნა შეეძლებათ.

"ბიბისის" ცნობით, გუშინვე ბარაკ ობამასა და რაულ კასტროს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, რაც 1959 წლის კუბის რევოლუციის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარია ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე.