,,მიუხედავად ზრდის კარგი ტემპისა, ხშირია შეფერხებები“ - რა პრობლემები ექმნება „წყალი მარგებელს“ ექსპორტისას

საქართველოდან მინერალური წყლების და გაზიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა.

მოიმატა უცხოეთში „წყალი მარგებლის“ პროდუქციაზე მოთხოვნამ. თუმცა როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ექსპორტის მიმართულებით გარკვეული შეფერხებები აქვთ, ერთ-ერთი კი გადაზიდვებზე გაზრდილი გადასახადია.

როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი თინათინ მახარაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ზრდა ძირითადად მინერალურ წყლებზე მოდის და არა ტკბილ სასმელებზე.

,,მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით, ჩვენს კომპანიას მიმდინარე წელს, ორნიშნა ზრდა აქვს. რაც შეეხება, ტკბილ სასმელებს, ამ მიმართულებით არ გვაქვს განსაკუთრებული მატება. საექსპორტო ქვეყნებიც არ შეცვლილა, ეს არის ახლო სამეზობლო და რეგიონის ქვეყნები, ასევე აშშ, იაპონია დას ისრაელი. ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებად ისევ რჩება უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი.

მიუხედავად ზრდის კარგი ტემპისა, ხშირია შეფერხებები. ძალიან არის გაზრდილი ლოჯისტიკის საფასური. ზოგიერთი მიმართულებით, გადაზიდვის ფასები 300-400%-ით არის გაზრდილი. არის სხვადასხვა მიზეზებით შეფერხებები. ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა. ამის გამო, მიუხედავად ორნიშნა ზრდისა, არ არის გულდამშვიდებული მდგომარეობა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ 10%-იანი ზრდით უნდა დაიხუროს წლის პირველი ნახევარი“, - განაცხადა თინათინ მახარაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის იანვარ -მაისში საქართველოდან 42.8 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 52.8 მლნ აშშ დოლარის. (ზრდა 23.3%) რაც შეეხება მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით წყლებს, მისმა ექსპორტმა 2020 წელის პირველ 5 თვეში 10.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 21.3 მლნ აშშ დოლარი. (ზრდა103.7%).

თამარ მუკბანიანი