როგორ შეიცვალა Сoca-cola-ს და Heineken-ის საბაზრო ღირებულება სპორტსმენების ქმედებების შემდეგ

ბირჟებზე Coca-Cola-ს აქციების ფასი ისევ მცირდება, Heineken-ის კი იზრდება.

ბოლო მონაცემებით, ამერიკული გამაგრილებელი სასმელების გიგანტი კომპანიის ერთი აქციის ფასი 54,36 დოლარს შეადგენს, 15 ივნისს კი 55,59 დოლარი ღირდა. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაცია 234,383 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Heineken-ის ერთი აქციის ღირებულება კი 15 ივნისიდან დღემდე 98,28 ევროდან 101,10 ევრომდე გაიზარდა. Heineken N.V.-ის საბაზრო ღირებულება კი ამ დროისთვის 58,186 მილიარდ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Coca-Cola-ს აქციების ფასმა შემცირება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. მაშინ დასავლურ მედიაში ერთ-ერთ მიზეზად პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მიერ 15 ივნისის პრესკონფერენციაზე Coca-Cola-ს გვერდით გადადება და საზოგადოებისადმი მიმართვა - „დალიეთ წყალი“ - დასახელდა, მეორე მთავარ მიზეზად კი, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის მხრიდან აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა სახელდებოდა. წელიწადში 4-ჯერ, ყოველ კვარტალში Coca-Cola აქციების მფლობელებს დივიდენდებს უხდის.

რაც შეეხება Heineken-ს, აქ სპორტსმენის ქმედებას საფონდო ბირჟებზე საპირისპირო რეაქცია მოჰყვა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ პრესკონფერენციის დროს ლუდი Heineken-ის ბოთლი გვერდით გადადო. ამის შემდეგ კი Heineken-ის აქციების ფასი გაიზარდა.