ქვეყანაზე სპეციალური ანგარიში ინტენსიური და სწორი მარკეტინგის შედეგია

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნეს მედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.

„ქვეყანაზე სპეციალური ანგარიში ინტენსიური და სწორი მარკეტინგის შედეგია „ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით: „ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ სწორი კომუნიკაციების შედეგად, მოხდეს ქვეყნის პოპულარიზაცია და საინვესტიციო პოტენციალის პოტენციური ინვესტორებისთვის გაცნობა. fDi Intelligence - ეს არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი საინფორმაციო წერტილი, სადაც აუცილებელია ქვეყნის ბიზნესგარემო სოლიდურად იყოს წარმოჩენილი”.

„Georgia Pushes its Boundaries – The Country is Positioning Itself as the Next Global Trade Hub“ - გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან.

აღნიშნული გამოცემა, fDi Intelligence Magazine-თან ერთად, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.