,,მოხდება საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით, შეფასებითი დარიცხვა“- რა შემთხვევაში დაერიცხებათ აბონენტებს ელექტროენერგიის შეფასებითი გადასახადი

1-ლი ივნისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება.

ცვლილების პროცესში 1-ლი ივლისის ჩვენების ამოწერა და გადაგზავნა აბონენტებს მოუწევთ. შესაბამისი შეტყობინებები კომპანიისგან უკვე დაიგზავნა.

ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განმარტავს, რა მოხდება მაშინ, თუ აბონენტი ჩვენებას არ, ან ვერ მიაწოდებს გამანაწილებელს.

,,ხშირად უნდა გავიმეოროთ, რომ 1-ლი ივლისიდან დედაქალაქში ,,თელასი“ ჩაანაცვლა ,,თელ მი კომ“, ხოლო რეგიონებში ,,ენერგოპრო“ ჩაანაცვლა ,,ეპ ჯორჯია მიწოდებამ“. ამის გამეორება საჭიროა, რათა მომხმარებელს გაუჯდეს ყურში და როცა შეტყობინებას დახედავს, იცოდეს, რომ ეს არის ელექტროენერგიის მომწოდებელი და უყურადღებოდ არ დატოვოს შეტყობინება.

1-ელ ივლისამდე, მოხდება სრული ანგარიშსწორება ,,თელასსა“ და მომხმარებლებს შორის. ჩნდება კითხვა, რას ვშვებით მაშინ, თუ არ ვიცით ისიც კი, რომელია ჩვენი მრიცხველი. ეს, ცხადია, გათვალისწინებულია და ასეთ შემთხვევაში მოხდება საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით, შეფასებითი დარიცხვა. ეს არ ნიშნავს, რომ შეფასებითი რიცხვი იქნება საორიენტაციო შემდეგში. სეზონური დაკვირვებით, შარშან ამ დროს რამდენს მოიხმარდით. შემდეგი თვიდან კი მოხდება ამ ჩვენების დაზუსტება ამოწერისას ისე, რომ არც კომპანიამ იზარალოს და არც აბონენტმა.

ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება, ბევრ რამეს გვავალებდა. დავიწყეთ კანონმდებლობის ჰარმონიზაციით და მივედით ამ ეტაპამდე, რომ პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს და მოხდეს. ამისაც არ სჯეროდათ, რომ ენერგეტიკის სფერო, ოდესმე არ იქნებოდა მონოპოლიზებული, თუმცა ეს მოხდა, მე, ვერ გეტყვით, რომ ერთბაშად რამდენიმე კომპანია გველოდება ასარჩევად, მაგრამ ნაბიჯი გადადგმულია“- განაცხადა ვარდიაშვილმა ,,საქმეში".

ინფორმაციისთვის, 2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს. თბილისის მცხოვრებლებისთვის ეს იქნება კომპანია “თელმიკო”, დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებისთვის კი - “ეპი ჯორჯია”. ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია. ამის გამო, "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

ცვლილება ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე დივერსიფიკაციისკენ არის მიმართული, თუმცა თავდაპირველ ეტაპზე მომხმარებელი დენს მხოლოდ ამ კომპანიებისგან მიიღებს, შემდგომში კი ბაზარზე შესაძლოა, ახალი მიმწოდებლებიც გამოჩნდნენ.

თამარ მუკბანიანი