"უნდა ველოდოთ დადებით დინამიკას, როგორც ბიზნესის წარმოების ასევე ტურიზმის კუთხით"

სასტუმრო ბიზნესი COVID-რეგულაციების შემსუბუქების პოლიტიკით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე აღარ დარჩა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომელიც ტურიზმის აღდგენის პროცესს აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სასტუმრო "ადამოს" მმართველმა მაია მახათაძემ განაცხადა, მორიგი შემსუბუქების შემდეგ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები საკმაოდ ლოიალურია, რადგან არის ქვეყნები, სადაც სასტუმროში სტუმარს არ შეუშვებენ თუ ის ვაქცინირებული არ არის.

"ასეთი ტიპის რეგულაცია გესმით, რომ მაღალი ტემპერატურული სეზონია, პირბადის ტარების ვალდებულება ძალიან რთული იყო. წარმოიდგინეთ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, როდესაც ადგილი აქვს სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებს ძალიან ძნელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვით ერთმანეთთან ინფორმაციული წვდომა. ასეთ დროს ერთმანეთის არ გვესმის და კომუნიკაცია ძნელდება.

რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ეს ნიშნავს, რომ რეგიონში გადაადგილება, ან პირიქით რეგიონებიდან დედაქალაქში გადაადგილება, საექსკურსიო აქტივობები და ნებისმიერი სახის ბიზნეს საქმიანობა, რომელიც სასურველია ამ პერიოდში გააქტიურდეს და დაიგეგმოს, რა თქმა უნდა, იქნება ხელშემწყობი პირობა. ამიტომ უნდა ველოდოთ დადებით დინამიკას როგორც ბიზნესის წარმოების, ასევე ტურიზმის კუთხით, ასევე ეკონომიკის კარგი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ამ მხრივ რისკები რჩება, მაგრამ ყველამ სწორად უნდა გამოვიყენოთ მოხსნილი შეზღუდვები და დავაფასოთ შესაბამისად, თუ გვსურს, რომ შენარჩუნდეს და ეპიდემიოლოგიური ვითარება აღარ გართულდეს", - განაცხადა მახათაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარების ეფექტური მართვის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდა, რათა ერთი მხრივ, არ გაუარესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეწყობოდა ეკონომიკის აღდგენას.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1-ელი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში – 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა;

გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

ამასთან, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.