"თუ დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს"

მომხრე ვიყავი, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო - თუ დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე ტალღის პიკი გავლილია, აღინიშნება მცირე კლება, ან უარეს შემთხვევაში სტაბილიზაცია.

" თუ ჩვენ დავიცავთ ორ დარჩენილ რეგულაციას, დახურულ სივრცეში ყველა კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს, თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, მაშინ, მე პირადად მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას. თუ მაინც გაიმართება საკონცერტო, ან სპორტული ღონისძიება, იქ ყველა წესი უნდა იყოს დაცული.

ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს, ან არა. ამას გვიჩვენებს უახლოესი 2 კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე ვიყავი მომხრე, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო", - აღნიშნავს ცერცვაძე.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, თუ ორ კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევები 500-1000-ს ფარგლებში იქნება, ეს ნიშნავს რომ „მთავრობამ სიბრძნე გამოიჩინა“, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

„ვნახოთ, რა შედეგი იქნება, თუ ორ კვირაში არ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, არ გადაცდა 1000 ახალ შემთხვევას, სტაბილური იყო 500-1000-ს ფარგლებში, ან პირიქით იქნება კლება, მაშინ ყველა ვიტყვით, რომ მთავრობამ სიბრძნე გამოიჩინა, როგორ ჩანს არგუმენტები ჰქონდა და ეს რეგულაცია, რაც ბევრის უკმაყოფილებას იწვევდა გამართლებულია“,-აღნიშნავს ცერცვაძე.