„ექსპორტის ზრდა პანდემიური წლის დამსახურება არაა“ - რატომ და რამდენით გაიზარდა „ნატახტარის“ ლიმონათის გაყიდვები უცხოეთში

"ყოველ წელს კი, 10-15%-ით ვზრდით ექსპორტს, ასეა მიმდინარე წელსაც“- ამის შესახებ, ,,ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკაშვილმა საქართველოდან მინერალური წყლების და გაზიანი ტკბილი სასმელების ექსპორტის 103.7%-ით ზრდის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზრდას პერმანენტული ხასიათი აქვს, გასაღების ბაზარი კი რეგიონის ქვეყნებია.

,,ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველომ ექსპორტი პრაქტიკულად, გააორმაგა, ჩვენმა კომპანიამ კი, გაახუთმაგა. ყოველ წელს კი, 10-15%-ით ვზრდით ექსპორტს, ასეა მიმდინარე წელსაც. ცხადია, ჩვენ ვუყურებთ აბსოლუტურ რიცხვებს და დინამიკას. ექსპორტის ზრდა პანდემიური წლის დამსახურება არაა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ეს კვლავ რჩება პოსტ საბჭოთა სივრცე და ასევე, ფართო რეგიონი, სადაც ძირითადად ლიმონათის და ტკბილი გაზირებული წყლების ექსპორტი ხორციელდება. რაც შეეხება ლუდს, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს პრემიუმ კატეგორიის ქართული ბრენდები, რომელსაც ექსპორტზე გავიტანდით. გასაღების ბაზარი ისევ ის ტერიტორიაა, სადაც ქართული ლიმონათის გემოს პროფილი ნაცნობი და ტრადიციულია.

ამასთან, აქვს უპირატესობები როგორც ინგრედიენტების, ასევე მთავარი შემადგენლის, წყლის კუთხით, რომელიც გემური თვისებებით ნამდვილად გამორჩეულია. ეს ქმნის მის საექსპორტო პოტენციალს.“- განაცხადა ხუნძაკაშვილმა ,,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის იანვარ -მაისში საქართველოდან 42.8 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 52.8 მლნ აშშ დოლარის. (ზრდა 23.3%) რაც შეეხება მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით წყლებს, მისმა ექსპორტმა 2020 წელის პირველ 5 თვეში 10.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 21.3 მლნ აშშ დოლარი. (ზრდა103.7%).

თამარ მუკბანიანი