ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი მექანიზმების დახვეწაზე შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების თაობაზე იმსჯელეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ეკონომიკური დანაშაულის საკითხებზე თანამშრომლობის სამმართველოს ადმინისტრატორი იგორ ნებივაევი და ევროსაბჭოს ექსპერტ-კონსულტანტი ჯუზეპე ლომბარდო. შეხვედრის მიზანი იყო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი მექანიზმების დახვეწის მიზნით (FATF-ის და Moneywall-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით) საჭიროებათა დადგენა და 2015 წლისათვის თანამშრომლობის ტექნიკური დახმარების პროექტის მომზადება.

შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სამსახურის უფროსი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების პროცესში შემოსავლების სამსახურის როლი. სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამსახურის კომპეტენციის, სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისა და იმ ტექნიკური დახმარების შესახებ, რომელიც ევროსაბჭოს შეუძლია გაუწიოს საქართველოს ამ მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა, ასევე, სხვა ქვეყნების პრაქტიკისა და გამოცდილების თვალსაჩინო გაცნობის მნიშვნელობა.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებას, დიალოგს კერძო სექტორთან და ა.შ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ყველა იმ ორგანოს ოპტიმალური როლი, რომელიც ჩართული იქნება ფულის გათეთრების კონტროლში და ჩამოყალიბდეს კონტროლის სრულყოფილი ჩარჩო-ფორმატი.