SpaceX-ის უსადენო ინტერნეტი მთელ დედამიწას სექტემბრიდან დაფარავს

ილონ მასკის კომპანია SpaceX (Space Exploration Technologies) მთელს მსოფლიოში Starlink-ის უსადენო ინტერნეტის თანამგზავრული სისტემის ამოქმედებას სექტემბრიდან გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გვენ შოტველმა განუცხადა.

„ჩვენ წარმატებით დავასრულეთ, დაახლოებით, 1 800 თანამგზავრის გაშვება და როგორც კი ისინი სამუშაო ორბიტას მიაღწევენ, ინტერნეტს გლობალურად მოვიცავთ. თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა დაგვჭირდება,“ - განაცხადა გვენ შოტველმა ტექნოლოგიურ ონლაინ-კონფერენცია Macquarie Group-ზე.

მისი თქმით, SpaceX გეგმავს, მთლიანად, 12 ათასი თანამგზავრის ამოქმედებას, რომელთა ჯამური ღირებულება 10 მლრდ დოლარია. მაისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიას Starlink-ის უსადენო ინტერნეტში ჩასართავად უკვე 500 ათასზე მეტი შეკვეთა აქვს.

წელს ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალური სამსახური დათანხმდა, რომ SpaceX-ს მისი ცალკეული თანამგზავრები დაგეგმილზე უფრო დაბალ ორბიტაზე განეთავსებინა. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტით უზრუნველყოს ის ადამიანები, ვისაც ინტერნეტზე წვდომა დღემდე არ აქვთ.

Starlink-ის ქსელის მიზანია, პატარა ზომის 500-კილოგრამიანი აპარატები დედამიწასთან ახლომდებარე ორბიტაზე დიდი რაოდენობით განათავსოს, რათა დედამიწა ინტერნეტით მთლიანად დაიფაროს. 2019 წლის აპრილში კომპანიამ კოსმოსში პირველი 60 თანამგზავრი გაუშვა.

კოკა კვირკველია