აშშ-ს მთავრობა აეროპორტებს პოსტპანდემიური რეაბილიტაციისთვის 8 მლრდ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის ავიაციის ფედერალური სამმართველო გრანტის სახით 8 მლრდ დოლარს გამოყოფს, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული აეროპორტების მუშაობის აღდგენას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საავიაციო უწყება ავრცელებს.

„გრანტები საავიაციო სექტორს აღდგენასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი ამერიკელი იტარებს ვაქცინაციას და იწყებს მოგზაურობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გრანტი თანამშრომლების ხელფასებსა და დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს მოხმარდება. მასში, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტერმინალებში მომუშავე საცალო კომპანიების ქირის ანაზღაურება. დაფინანსების შემდეგ აეროპორტებმა 90%-ით მაინც უნდა აღადგინონ პანდემიამდელი დასაქმების მაჩვენებელი, რაც გრანტის მიღების აუცილებელი პირობაა.

აეროპორტების დაფინანსებას აშშ-ს მთავრობის მიერ დამტკიცებული 1,9 ტრილიონი დოლარის დახმარების პაკეტი ითვალისწინებს.

კოკა კვირკველია