Twitter-ზე მომხმარებლებს უკვე თანხის გამომუშავება შეუძლიათ - სერვისი ჯერ აშშ-ში ჩაირთო

Twitter-ის ადმინისტრაციამ იმ მომხმარებლების განცხადებების მიღება დაიწყო, რომელთა პუბლიკაციები ხელმომწერებისთვის ფასიანი იქნება. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ თავად გაავრცელა.

„დღეიდან თქვენ შეგიძლიათ, კომპანიას განაცხადით მიმართოთ, რათა ერთ-ერთმა პირველებმა Ticketed Spaces-ისა და Super Follows-ის სერვისები საკუთარ აუდიტორიასთან მოსინჯოთ,“ - ნათქვამია Twitter-ის საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამომავლოდ Ticketed Spaces-ის ფუნქციაში ექსკლუზიური აუდიო და ვიდეო კონტენტის განთავსებაც მოიაზრება, რაზეც ელექტრონული ბილეთის შეძენის შემდეგ, წვდომა მხოლოდ ხელმომწერებს ექნებათ. ბილეთი შესაძლოა, 1-დან 999 დოლარამდე ღირდეს.

Super Follows-ის ფუნქცია ავტორს საშუალებას აძლევს, თავის პუბლიკაციებზე წვდომისთვის ხელმომწერებისგან ყოველთვიური საფასური მიიღოს, რაც 2,99, 4,99 ან 9,99 დოლარის თვიურ გადასახადი იქნება.

Twitter-ში აცხადებენ, რომ თუ მომხმარებლები Ticketed Spaces-ის ან Super Follows-ის ფუნქციებს გაიაქტიურებენ, შემოსავლის 97%-ს მიიღებენ, ხოლო როცა 50 ათას დოლარს გამოიმუშავებენ, სოციალური ქსელი დასაბეგრ ოდენობას 3%-დან 20%-მდე გაზრდის.

დღეისთვის ამ ფუნქციებით სარგებლობა მხოლოდ აშშ-ს მომხმარებლებს შეუძლიათ. პირველ ეტაპზე ორივე სერვისი მხოლოდ მობილურ მოწყობილობებში გააქტიურდება. მანამდე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ფასიანი სერვისები იმ მომხმარებელთა ანგარიშებზე ჩაირთვებოდა, ვისაც 10 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

კოკა კვირკველია