საია - მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს გადაწყვეტილებებს ძირითადად დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალე პროცესების ფონზე იღებდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

საია-ს თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, მთავრობა გადაწყვეტილებებს ძირითადად დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალე პროცესების ფონზე იღებდა.

საია-ს თავმჯდომარეს აღნიშნული გაუმჭვირვალობის პროცესი მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია, როგორც მთავრობის ფუნქციონირების ოპერაციულ, ასევე ნორმატიულ დონეზე.

ნიკოლოზ სიმონიშვილის შეფასებით, კანონმდებლობა საჭიროებს გაუმჯობესებას, რომ მთავრობამ უფრო ეფექტურად მართოს საგანგებო მდგომარეობები, რადგან ამ პროცესებთან დაკავშირებით კითხვები იყოს ნაკლები.

„საია-მ წარმოადგინა კვლევა, რომელიც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობას 2020 წლის 6 იანვრიდან 23 მაისის ჩათვლით პერიოდზე, ანუ პერიოდი, რომელიც მოიცავს როგორც საგანგებო მდგომარეობას, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა ძირითადად დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალე პროცესების ფონზე. დასაბუთება, გამჭვირვალობის საკითხები იყო ნაკლებად უზრუნველყოფილი. ასევე ვხედავდით იმასაც, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არსებობდა პრობლემები. აქედან გამომდინარე, ის პრობლემები, რაც ჩვენ ამ თვალსაზრისით დავინახეთ, მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია როგორც მთავრობის საქმიანობის ოპერაციულ დონეზე, ასევე ნორმატიულ დონეზე.

ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით კანონმდებლობა საჭიროებს გაუმჯობესებას, რომ მთავრობამ უფრო ეფექტურად მართოს საგანგებო მდგომარეობები და სიტუაციები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაიზარდოს სანდოობა და ამ პროცესებთან დაკავშირებით კითხვები იყოს ნაკლები" , - განაცხადა სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა სამედიცინო დასაბუთებიდან გამომდინარე.

„ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა სამედიცინო დასაბუთებიდან გამომდინარე და სამედიცინო საფუძვლებით, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელი იყო სხვა გარემოებები, მათ შორის უფლებრივი, სამართლებრივი და სხვა საკითხები.

დასაბუთების ნაწილთან მიმართებაში არსებობს კითხვები. ჩვენ დავინახეთ, რომ დასაბუთების საკითხი იყო პრობლემური იმიტომ, რომ ამ დასაბუთებას ჩვენ ვერ ვხედავდით. ის არ ქვეყნდებოდა, ოქმები არ ქვეყნდებოდა საკოორდინაციო საბჭოსი და მთავრობის სხდომების დროსაც ფაქტობრივად ჩართულობა საზოგადოების იყო დაბალი" , - განაცხადა სიმონიშვილმა.

ამასთან, სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება დახურულ კარს მიღმა ხდებოდა და „ხდებოდა დაბალი გამჭვირვალობით".

„ფაქტობრივად, იგივე პრობლემები დავინახეთ უწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობასთან მიმართებით. ზოგადად, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება არა პარლამენტში, არამედ მთავრობაში, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობაში ან რომელიმე მთავრობის სტრუქტურაში, თუნდაც სამინისტროში, ეს ყველაფერი ხდება დახურულ კარს მიღმა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა არის ნულამდე დასული.

საბჭოს საქმიანობის დროს დავინახეთ ის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ხდებოდა დაბალი გამჭვირვალობით, რა თქმა უნდა, ეს მოქნილობა საჭირო იყო, თუმცა ამის უზრუნველყოფა სრულებით შესაძლებელი იყო იმ დასაბუთებიდან გამომდინარე, რომ მთავრობასაც და საბჭოსაც შესაბამის აპარატი ემსახურება და ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო სამართლებრივი თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე საბჭოსთან მიმართებითაც ძირითადი პრობლემები იყო, გამჭვირვალობის საკითხები და დასაბუთებასთან დაკავშირებული პრობლემები“, - განაცხადა სიმონიშვილმა.