რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია - ტრილიონიანი ნიშნული უკვე 5-მა გადალახა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე 10 კომპანიიდან 7 ამერიკულია, ხოლო ტრილიონ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციით 5 კომპანია გამოირჩევა, რომელთაგან 4, ასევე, ამერიკულია. სიის სათავეში ამერიკული Apple და Microsoft არიან, რომელთა საბაზრო ღირებულება, Apple-ის შემთხვევაში, 2,235 ტრლნ დოლარია, ხოლო Microsoft-ის - 1,999 ტრლნ დოლარი.

რაც შეეხება დანარჩენ ძვირად ღირებულ კომპანიებს, მესამე ადგილს 1,882 ტრლნ დოლარის კაპიტალიზაციით საუდის არაბეთის ნავთობგიგანტი Saudi Aramco იკავებს. მისი თითო აქციის ფასი სტანდარტულ დონეზეა და 9,41 დოლარია.

შემდეგ მოდის ამერიკული Amazon, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1,767 ტრლნ დოლარს შეადგენს. კომპანიის ფასიანი ქაღალდი 1,49%-ით გაძვირდა და 3,505 დოლარი ღირს.

Amazon-ს კვალდაკვალ მიყვება, ასევე, ამერიკული კომპანია Alphabet (Google) 1,669 ტრლნ დოლარის კაპიტალიზაციით. ამ დროისთვის Google-ის აქციის ფასმა 0,43%-ით მოიმატა და 2,540 დოლარი შეადგინა.

ტექნოლოგიური გიგანტების შემდეგ მოდის სოციალური ქსელის ამერიკული კომპანია Facebook, რომლის საბაზრო ღირებულებაც ტრილიონ დოლარს უახლოვდება და 961,30 მლრდ დოლარს შეადგენს. დღეისთვის Facebook-ის ფასიანმა ქაღალდმა 2,03%-ით მოიმატა და 339,03 დოლარი გახდა.

მე-7 ადგილს ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent იკავებს. მისი კაპიტალიზაცია 712,02 მლრდ დოლარს შეადგენს. კომპანიის ერთი აქციის ფასი 74,16 დოლარია.

ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს კვლავ ამერიკული Berkshire Hathaway მოსდევს, რომელიც უდიდესი ჰოლდინგია და სხვადასხვა დარგის კომპანიებს აერთიანებს. ჰოლდინგი ინვესტიციების, დაზღვევისა და გადაზღვევის სფეროში საქმიანობს. ის საკონდიტრო ნაწარმის, საცალო ვაჭრობის, რკინიგზის, სახლის ავეჯის, საგამომცემლო, იუველურ და სხვა რეგიონალურ კომპანიებს ფლობს. Berkshire Hathaway სიაში მე-8 ადგილს იკავებს და მისი საბაზრო ღირებულება 635,79 მლრდ დოლარია. ამ დროისთვის მისი აქციის ფასმა 0,26%-ით მოიმატა და 418,875 დოლარი გახდა.

მე-9 ადგილზეა ამერიკული ელექტროავტომწარმოებელი Tesla, რომლის კაპიტალიზაცია ნახევარ ტრილიონზე მეტია და 600.85 მლრდ დოლარით არის შეფასებული. Tesla-ს აქციის ფასი 0,46%-ით გაიზარდა და 623,71 დოლარი გახდა.

ნახევარი ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებას გადააჭარბა ტაივანურმა ნახევარგამტარი მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია TSMC-მაც, რომელიც 592,92 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციით მე-10 ადგილს იკავებს. მისი თითო აქციის ფასი 0,17%-ით გაიზარდა და 114,33 დოლარი შეადგინა.

მსოფლიოში ძვირადღირებულ კომპანიათა რაოდენობა 4971-ია, ხოლო მათი მთლიანი საბაზრო ღირებულება 91, 147 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ