საქართველოში შესაძლოა, მიკრო ბანკები გაჩნდეს - „ეს არის დივერსიფიცირებული ლიცენზიის გაცემის საშუალება“

საქართველოს ბაზარზე შესაძლოა, ახალი ფინანსური ინსტიტუტები, კერძოდ, მიკრო ბანკები გაჩნდეს. ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინოს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროეტის შესახებ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ეს იქნება დივერსიფიცირებული ლიცენზიის გაცემის საშუალება.

„მიკრო ბანკის ლიცენზიასთან მიმართებით საუბარი იყო, როდესაც ციფრული ბანკის ლიცენზიაზე მიმდინარეობდა მსჯელობა. აღნიშნული ლიცენზიები არის სიახლე საქართველოში. ეს არის დივერსიფიცირებული ლიცენზიის გაცემის საშუალება. დღეის მდგომარეობით სამწუხაროდ, მოკლებული ვართ რაიმე დეტალზე საუბრის შესაძლებლობას იმ თვალსაზრისით, რომ პროექტი არ არის ცნობილი. ანუ, რა მოთხოვნები იქნება მიკრო ბანკის ლიცენზიის გაცემასთან მიმართებით და რა შეღავათები ექნება, არსებული უნივერსალური ბანკისგან განსხვავებით, უცნობია“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სესხების გაცემასთან მიმართებით, მოლოდინია, რომ იარსებებს გარკვეული ზღვარი, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კონკურენტული გარემოს წესებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მიკრო ბანკთან დაკავშირებული მოთხოვნები და ის ზღვრები, რომელთან დაკავშირებითაც იქნება შეღავათები, არ უნდა გასცდეს იმ კონკურენტულ გარემოს, რომელშიც დღეს უკვე არსებული 15 ბანკი მუშაობს. ერთ-ერთი განმასხვავებელი ბანკსა და მიკროსაფინანსოს შორის არის ის, რომ საბანკო სისტემას აქვს საშუალება მოიზიდოს სახსრები მომხმარებლებისგან. თუ მოზიდვის საშუალება ექნება მიკრო ბანკსაც, აქ მნიშვნელოვანი იქნება, რა ლიკვიდობის მოთხოვნები ექნება. იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მოლოდინი, რომ კაპიტალთან მიმართებით გარკვეული შეღავათები ექნება მიკრო ბანკს და უნივერსალურ ბანკთან და ასევე, სარეგულაციო მოთხოვნებთან მიმართებით ექნება გამარტივებული მოთხოვნები. თუ ეს ყველაფერი იარსებებს, მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნდეს ის კონკურენტული გარემო, რომელიც დღეს არის ბაზარზე და არ შეილახოს უნივერსალური ბანკის არსებული პოზიციები ახალი ლიცენზიის გაჩენის დროს“- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

სესხებზე შეიცვლება თუ არა საპროცენტო განაკვეთები - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეიცვლება.

„რთული სათქმელია დღეს რამდენად შეცვლის საპროცენტო განაკვეთებს მიკრო ბანკების ლიცენზია, იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია იმ სექტორში, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მუშაობენ. ამიტომ, არ მგონია, რომ მიკრო ბანკის ლიცენზიის გაჩენამ მკვეთრად შეცვალოს ამ მიმართულებით მდგომარეობა“- აღნიშნა ძნელაძემ.

ნინი ქეთელაური