რომელი სახეობის პური შესაძლოა, გაძვირდეს 10 თეთრით - პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

1-ლი ივლისს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა სრულდება.

როგორც პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, პროდუქცია იმ შემთხვევაში არ გაძვირდება, თუ წისქვილკომბინატები მწარმოებლებს ერთ ტომარა ფქვილს 50 ლარად მიაწვდიან.

,,თუ წისქვილკომბინატები ფქვილს 50 ლარად მოგვაწვდიან, პურის ფასის ზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ეს როგორც ვიცი არ იგეგმება“- ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, თუ ბაზარზე კონკურენციის ჯანსაღი წესები იმოქმედებს, პური არ უნდა გაძვირდეს.

,,ჩვენ, დავინტერესდით, რა ფასად მივიღებთ ფქვილს 1-ლი ივლისიდან. მაგრამ ჯერ ამის პასუხი არ გვაქვს. გუშინ ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენთვის საჭიროა, ვიცოდეთ, რა ფასად მოგვაწვდიან ფქვილს, სულ რაღაც ერთ კვირაში. მათი პოზიციაა, რომ არის ბაზარზე ფაქტორები, რაც აიაფებს რუსულ ხორბალს და ფქვილს. მაგალითად, 13 დოლარად შემოდის ფქვილი ყაზბეგის საბაჟოდან, გაიაფებული ხორბალი შემოვიდა ფოთის პორტში. კონკურენცია ქმნის ჯანსაღ გარემოს და მე ვთვლი, რომ თუ იმუშავებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, ფქვილის ფასი არ უნდა გაიქცეს.

ჩვენი ანგარიშით, ხარისხიანი სტანდარტებით გამომცხვარი პურის რიგი სახეობები შეიძლება 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდეს. თუმცა, ამას მაინც 1-ლი ივლისიდან დავაკვირდებით. თუ წისქვილკომბინატები ფქვილს 50 ლარად მოგვაწვდიან, პურის ფასის ზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ეს როგორც ვიცი არ იგეგმება. მე ვესაუბრე მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ ფქვილის ფასი შესაძლოა, 60 ლარის ფარგლებში იყოს, რაც ცხადია პურს გააძვირებს“, - განაცხადა დოლიძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი