მერკელის მთავრობა საბიუჯეტო სესხების ლიმიტს ზრდის

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობამ მომავალი წლისთვის სასესხო ვალდებულების აღება 99,7 მლრდ ევრომდე (119 მლრდ დოლარამდე) გაზარდა. მთავრობამ შესაბამისი გეგმა დღეს მოიწონა, რისი მიზანიც კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების დაფინანსებაა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

„პროგნოზების თანახმად, წლევანდელი და მომავალი წლის სუფთა ვალის ოდენობა 340 მლრდ დოლარს შეადგენს. მერკელის მმართველი კოალიცია, რომელიც მისი კონსერვატორებისგან და ფინანსთა მინისიტრ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებისგან შედგება, მეტად ხელგაშლილად ხარჯავდა სახსრებს გერმანიის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის,“ - წერს სააგენტო.

დამტკიცებული გეგმით, სესესხო ვალდებულებების შესახებ კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც „სესხის მუხრუჭის“ სახელით არის ცნობილი, მომავალ წელსაც შეჩერდება, რაც კოვიდპანდემიის გამო უკვე მესამეჯერ ხდება. გერმანია ამ შესწორებას 2023 წლიდან აამოქმედებს, მანამდე კი, Bloomberg-ის შეფასებით, ფედერალურ ბიუჯეტზე წნეხი გაიზრდება. გუშინ კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიას ახალ ტექნოლოგიებში უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელება დასჭირდება, რათა კონკურენტუნარიანი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს.

მთავრობამ, ასევე, მოიწონა 8 მლრდ დოლარის ღირებულების გეგმა სითბური გაზების გამონაბოლქვის შემცირებისთვის, რისი მიზანიც 2045 წლისთვის გერმანიის მიერ კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევაა. მანამდე გაწერილ მიზნებთან შედარებით, ვადა 5 წლით შემცირებულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ