ნორვეგიაში ქარის ვერტიკალური ფერმა შექმნეს, რომელიც დენით 80 000 სახლს დააკმაყოფილებს

ნორვეგიულმა კომპანია „ვინდ ქეჩინგ სისტემზმა“ (Wind Catching Systems - WCS) შეიმუშავა უზარმაზარი მოტივტივე სისტემა, რომელიც ქარის მცირე ტურბინების ვერტიკალურ ფერმას წარმოადგენს. ახალი სისტემა იმითაცაა საყურადღებო, რომ მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდ ქარის ტურბინებზე ხუთჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასი სრულიად კონკურენტუნარიანია.

დანადგარის სიმაღლე 324 მეტრს აღწევს და მასში მინიმუმ 117 ცალი მცირე ტურბინა თავსდება. დანადგარი ფაქტობრივად, არის მოტივტივე პლატფორმა-ელექტრო სადგური. ის ოკეანის/ზღვის ფსკერზე იმავე პრინციპით მაგრდება, რომელსაც ფართოდ იყენებენ ნავთობის და გაზის ოფშორულ სადგურებზე.

WCS აცხადებს, რომ ერთი ასეთი დანადგარი, რომელიც „ვესტას“ ტურბინებით არის აღჭურვილი და 15 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს, ჩვეულებრივ ტურბინაზე ორჯერ მეტ ფართობს და მასთან ერთად, ამ ფართობზე მოძრავ ჰაერის ნაკადს მოიცავს. გარდა ამისა, მომცრო მოტორები მაშინაც კარგად მუშაობს, როდესაც ქარის სიჩქარე 40-43 კმ/სთ-ს აღწევს. დიდ ტურბინების ეფექტურობა კი ასეთი ქარისას მცირდება, რადგან ფრთების დახრა იცვლება, რათა ჰაერის ძლიერი ჭავლის ზემოქმედებამ, მათი დაზიანება არ გამოიწვიოს.

WCS-ის გათვლებით, „ვინდქეჩერის“ წლიური ენერგოგამომუშავება, ჩვეულებრივ ტურბინებთან შედარებით, 500 პროცენტით მეტია. ამასთან, თითოეული ასეთი პლატფორმა, 80 000 ევროპული სახლის ელექტრო ენერგიით სრულფასოვანი მომარაგების საშუალებას იძლევა.

იმის წყალობით, რომ გაცილებით მცირე ზომის ტურბინებით არის აწყობილი, „ვინდქეჩერის“ მომსახურებაც უფრო მარტივი და იაფია. მისი მომსახურებისას არაა საჭირო მძლავრი ამწევი დანადგარები და სპეციალური გემები. WCS ირწმუნება, რომ სრულფასოვან მომსახურებით, თითოეული პლატფორმა სულ ცოტა, 50 წელი იმუშავებს. შედარებისთვის, დიდი ტურბინების სამუშაო ხანგრძლივობა 30 წელია.