პარიზელებს 16 წლის შემდეგ უძველესი უნივერმაღი La Samaritaine დაუბრუნდათ

Bloomberg-ის ცნობით, პარიზში 16 წლის შემდეგ უძველესი უნივერმაღი, La Samaritaine ისევ გაიხსნა. უნივერმაღი 1870 წელს აშენდა. მაღაზიის მესაკუთრე ფუფუნების საგნების კომპანია LVMH-ია, რომელმაც შენობის რემონტში 750 მლნ ევრო (894 მლნ დოლარი) დახარჯა.

La Samaritaine-ის გახსნა გასული წლის აპრილში იგეგმებოდა, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო გადაიდო. განახლებული უნივერმაღის გახსნას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი დაესწრო და ცერემონიალში კომპანია LVMH-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ბერნარ არნოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერებლებს La Samaritaine-ის მონახულება დღეიდან შეუძლიათ.

„შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საფრანგეთში ბევრი საცალო მოვაჭრე დიდი გადატვირთვის რეჟიმშია,“ - წერს Bloomberg.

პანდემიამდელ პერიოდში პარიზში ყოველ ზაფხულს 10 მილიონამდე ტურისტი ჩადიოდა. პარიზის ტურისტული ბიუროს მონაცემებით, წელს მხოლოდ ამის ნახევარს ელოდებიან.

„ტურისტების ძველი ნაკადის აღდგენას 1-2 წელი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა, რომ La Samaritaine, პირველ რიგში, პარიზელებმა დაიბრუნონ,“ - აცხადებს La Samaritaine-ის მმართველი ელეონორა დე ბოისონი.

უძველესი უნივერმაღი მარჯვენა სანაპიროზე, მდინარე სენასა და რივოლის ქუჩას შორის მდებარეობს. ის არტ-დეკოსა და არტ-ნუვოს დეტალებით არის ცნობილი. შენობა, დაახლოებით 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და გარშემო ტალღოვანი თანამედროვე ფასადი აკრავს, რომელიც იაპონურმა არქიტექტურულმა ფირმა SANAA-მ დააპროექტა.

უნივერმაღში გამოიფინება ლუქს-ბრენდების საქონელი, როგორიცაა Louis Vuitton, ავსტრიული Petar Petrov და სხვ. სილამაზის სექცია დამთვალიერებელს Cinq Mondes-ში სპა-მომსახურებას შესთავაზებს, სადაც ერთსაათიანი სესიის ფასი 116 ევროდან იწყება. სტუმრებს ბოლო სართულზე ბარ-რესტორანი Voyage მოემსახურება, სადაც ძირითადი ატრიუმიდან ბუნებრივი სინათლე ჩადის.

La Samaritaine-ში განთავსებულია სასტუმრო Cheval Blanc 26 ნომრითა და 46 ლუქსით, რომელიც 7 ოქტომბრიდან გაიხსნება და ნომრის ფასი დღე-ღამეში 1150 ევროდან დაიწყება. კომპლექსი, ასევე, 15000 კვადრატული მეტრის საოფისე ფართობს მოიცავს.

კომპანია LVMH მოპირდაპირე, მარცხენა სანაპიროზე კიდევ ერთ უნივერაღ Le Bon Marche-ს ფლობს. კომპანიის შემოსავლები გასულ წელს თითქმის მესამედით შემცირდა. La Samaritaine-ის გაყიდვების პროგნოზირება უჭირთ, რადგან, როგორც LVMH-ში აცხადებენ, იმის გამო, რომ მაღაზია წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, ამ რაიონში მომხმარებლები „შეძენას გადაეჩვივნენ.“ თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ განახლებული უნივერმაღი მარცხენა სანაპიროს მაღაზია Le Bon Marche-ს გაყიდვებში მალე დაეწევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ