საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.

მათივე ცნობით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.