მოუწევთ თუ არა წელს მეღვინეებს „ხვანჭკარას“ მხოლოდ რაჭაში დაყენება

„ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში წარმოების დაწყება სავალდებულო 2021 წლიდან უნდა გამხდარიყო.

თუმცა, მოუწევთ თუ არა წელს მეღვინეებს ღვინის ამ სახეობის რაჭაში წარმოება, ჯერჯერობით უცნობია.

,,ბიზნესპრესნიუსი" კითხვით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ჯერ კონკრეტული არაფერია ცნობილი და სიახლე მედიით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. უწყების პოზიცია იყო, რომ „პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება“. მაშინვე ითქვა, რომ ღვინის გადამუშავება 2019 წლიდან დაიწყებოდა, მოგვიანებით ეს ვადა 2021 წლამდე გადაიწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა 2019 წლის აგვისტოში, ,,ბიზნესპრესნიუსთან" ყურძნის ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავების გადადების მიზეზად „ხვანჭკარას“ მიკროზონაში შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეების არარსებობას ასახელებდა. ის ამბობდა, რომ ვენახების გაშენება უფრო ინტენსიურად მიდის, ვიდრე საწარმოო სიმძლავრეების შექმნა, ამიტომ რთველის შეუფერხებლად წარმართვისთვის გადავადების საჭიროება დგება.

კიდევ ერთხელ გადავადდება „ხვანჭკარას“ ადგილწარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუ 2021 წლიდან, მეღვინეებს ალექსანდროულის და მუჯურეთულის დაწურვა მხოლოდ რაჭის ტერიტორიაზე შეეძლებათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თამარ მუკბანიანი