ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯარიმების ჩამოწერაზე - ამომრჩეველთა გულის მოგებისთვის კეთდება, ნაცადი ხერხია

ახლა ამის დაანონსება საარჩევნო ელფერს იძენს. ამომრჩევლის გულის მოგებისთვის კეთდება და არასწორ, არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე ჯარიმები გადაიხადა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით შეზღუდვების დარღვევის გამო დაჯარიმებული ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

მისივე თქმით, ჯარიმები მოსახლეობისთვის ყოველთვის დიდ ტვირთს წარმოადგენდა და არც ეკონომიკური სიდუხჭირეა ახალი.

„ამომრჩეველთა გულის მოგებისთვის კეთდება, ნაცადი ხერხია. ეს ჯარიმები, ჩვენი მოსახლეობისთვის ისედაც დიდ ტვირთს წარმოადგენს, ეკონომიკური სიდუხჭირე მხოლოდ ახლა არ არის, რაც პანდემია დაიწყო მაშინაც იყო. შესაბამისად, ახლა ამის დაანონსება, ცხადია, საარჩევნო ელფერს იძენს. ეს ახლა დაინიცირდა, კიდევ დრო დასჭირდება პარლამენტში და ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ეს ამომრჩევლის გულის მოგებისთვის კეთდება და არასწორ და არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც უკვე გადაიხადა.

ჩვენ ცხადია, არ ვართ წინააღმდეგი ადამიანური ეკონომიკური სიდუხჭირის შემსუბუქების, უბრალოდ ამას წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებ, ცხადია აქვს იმის ელფერი, რომ ამომრჩეველთა გულის მოგებისთვის კეთდება. ეს ნაცადი ხერხია, პირველად არ ხდება, წინა არჩევნებზეც ვნახეთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიური პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.