„რამდენიმე კვირაში ამერიკისგან ვაქცინების დონაციის პირველ პარტიას მივიღებთ - დარწმუნებული ვარ, ის მწარე გამოცდილება, რაც ბოლო 4-5 დღეში შეგვექმნა, არ უნდა განმეორდეს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე კვირაში საქართველო ამერიკისგან ვაქცინების დონაციის პირველ პარტიას მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება.

„ვადასტურებ ძალიან მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება. გუშინ იყო ძალიან სერიზული დისტანციური შეხვედრა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რიგმა ქვეყნებმა აშშ-ის დახმარება უნდა მიიღონ, ანუ დონაცია, მათ შორის საქართველოც მიიღებს. ვიცი, მაგრამ ახლა დოზების რაოდენობას არ დავასახელებ. ამაზე მოლაპარაკებები დაიწყო და სულ რამდენიმე კვირაში საქართველო ალბათ, ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინების დეფიციტი და ის მწარე გამოცდილება, რაც ახლა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ქვეყანაში შეგვექმნა, არ უნდა განმეორდეს.

ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი მომზადებული შევხვდებით ამ დიდ პროცესს, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რომ რაც შეიძლება გადავავადოთ, ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი და შესაძლო „მეოთხე ტალღა“. მოგეხსენებათ, „მეოთხე ტალღაზე“ საუბარი სერიოზულია, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე პანდემიის პირველი, მეორე ან მესამე ტალღა იყო“,-განაცხადა გამყრელიძემ.