„კომისიაში, რომელიც საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით ახალ სატენდერო პირობებს მოამზადებს, პარლამენტი მაქსიმალურად იქნება ჩართული"

კომისიაში, რომელიც საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით ახალ სატენდერო პირობებს მოამზადებს, პარლამენტი იქნება მაქსიმალურად ჩართული, მათ შორის ვიქნებით ჩვენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალ ტენდერში მონაწილეობის საშუალება ყველა ბანკს ექნება და კონკურენციის საფუძველზე პენსიონერებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

„ლიბერთი ბანკი“ თანხმაა, რომ ეს კონტრაქტი, რომელიც ყველას მიგვაჩნია, რომ არის უსამართლო, შეწყდეს და ახალი, სამართლიანი პირობებით გამოცხადდეს ტენდერი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდება დღეს, ამას სჭირდება ვადა და გარდამავალ პერიოდში დათმობებზე მოდის ბანკი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პენსიონერებისთვის. ახალი ტენდერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ამაში ჩართული უნდა ვიყოთ ჩვენ, პარლამენტი. ამაზე ვაპირებ ვისაუბრო პრემიერ-მინისტრთან, როცა ის მოვა პარლამენტში, რომ დააჩქაროს ამ კომისიის შექმნა და გამჭვირვალედ მოხდეს პირობების შერჩევა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოცხადდეს ახალი ტენდერი, სადაც ყველა ბანკს მიეცემა საშუალება, შემოვიდეს და კონკურენციის საფუძველზე ჩვენი პენსიონერებისთვის საუკეთესო პირობები იქნას გამოტანილი. ეს იყო ის, რისთვისაც ვიბრძოდით,“ - განაცხადა იოსელიანმა.