ღვინის სააგენტო - ბრიტანელმა ღვინის ექსპერტებმა ქართულ ღვინოებს საუკეთესო შეფასება მისცეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group” ორგანიზებით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეგუსტაციაზე, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ამასთან ერთად, წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას.

ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

,,ქართული ღვინის დეგუსტაცია ლონდონის პრესტიჟულ რესტორან „ტრივეტში“ (Trivet) ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის. დეგუსტაციის შემდეგ სტუმრების გამოხმაურება განსაკუთრებულად დადებითი იყო, ხაზი გაესვა ქართული ღვინოების მაღალ ხარისხსა და მრავალფეროვნებას.

დიდი ბრიტანეთი ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარია, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 500 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ 154% შეადგინა. ზრდის ტენდენციები შენარჩუნებულია 2021 წელსაც. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 169,032 ბოთლი, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5% შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.