ამირან გამყრელიძე - სანამ ჩვენი მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება ჩვენს მთავარ იარაღად

დღეს ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით 88 754 ადამიანი, რაც ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით 5,2%-ს შეადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, კორონავირუსთან ბრძოლაში პირბადე მთავარ იარაღად რჩება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეპიდსიტუაცია გარკვეულად სტაბილურია, თუმცა საყურადღებოდ და ფრიად საყურადღებოდ სტაბილური იმიტომ, რომ საქართველოსთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სერიოზული ციფრია. მიუხედავად ყველა შემსუბუქებისა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება, ამიტომ ის რეგულაციები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. აუცილებელია, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ყველგან სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. სანამ ჩვენი მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება ჩვენს მთავარ იარაღად.

დღეს ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით აცრილია 88 754 ადამიანი, რაც შეადგენს ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით 5,2%-ს. ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“.

დადასტურებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობა სხვადასხვა დასახელების ვაქცინა შემოვა და მათ შორის, შემოვა ის, რაც ვერ შემოვიდა „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ბოლო 43 200 დოზაც და ივლისში სერიოზულად უნდა გავზარდოთ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რისთვისაც ქვეყანა სერიოზულად ემზადება. იზრდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ვფიქრობთ უკვე პირველი დიდი ამცრელი სივრცე „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში გაიხსნა და ის თანდათან უმატებს თავის აცრების ინტენსივობას და ასევე, დიდი სივრცეები იქნება დიდ ქალაქებშიც. ასე რომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ როგორმე ივლის-აგვისტო-სექტემბერში მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრას, რისთვისაც ძალიან მყარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვადასტურებ, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.