გახარიამ რომელი „ხარისხიანი“ ინვესტორი მოიზიდა მინისტრობის დროს?  - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანაკლიის პროექტის შეჩერებაზე

„მისი უშუალო ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ ანაკლიის პროექტი გამოსულიყო.

ისტორიაში მაინც შევიდოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, ქვეყანაში შეიქმნა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ სამწუხაროდ, მხარდაჭერის ნაცვლად, აქ იყო მხოლოდ ცუდი დამოკიდებულება“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტი იყო კერძო-საჯარო თანამშრომლობა, შესაბამისად, მთავრობასთან პარტნიორობა, ყოველდღიური მუშაობა და გუნდურობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გახარიას მინისტრობის პირობებში არ ყოფილა.

„ანაკლიის პროექტი ასევე გაჩერდა მაშინ, როდესაც კონკრეტულად გიორგი გახარია გახლდათ ეკონომიკის მინისტრი. ამავდროულად, ეკონიმიკის მინისტრი არის ტრანსპორტის მინისტრიც. როგორც ტრანსპორტის მინისტრის, მისი უშუალო ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ ანაკლიის პროექტი გამოსულიყო. ისტორიაში მაინც შევიდოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში შეიქმნა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ სამწუხაროდ, მხარდაჭერის ნაცვლად, აქ იყო მხოლოდ ცუდი დამოკიდებულება, რომელიც მსგავს მასშტაბურ პროექტს ხელს უშლის. მე დავძენ, რომ ანაკლიის პროექტი იყო კერძო-საჯარო თანამშრომლობა, შესაბამისად მთავრობასთან პარტნიორობა, ყოველდღიური მუშაობა და გუნდურობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც სამწუხაროდ, არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მსგავს მასშტაბურ პროექტს ზიანს აყენებს.

რაც შეეხება ინვესტორს, კი ეს მარტივი პროექტი არ იყო ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის იყო სხვადასხვა მესიჯები, რომელიც ინვესტორს აფრთხობდა. იმიტომ, რომ ანაკლიის პროექტი ყოველთვის ნეგატიურ ფორმაში მოიხსენიებოდა. ეს კი, ინვესტორებში გაურკვევლობას იწვევდა. როდესაც მსგავს პროექტში იღებ მონაწილეობას, კარი მაქსიმალურად ღია უნდა გქონდეს, უნდა იყოს ხელშეწყობა და არა პირიქით. იყვნენ ინვესტორები, რომლებიც უბრალოდ დააბნია ამ მდგომარეობამ და რა თქმა უნდა, თავი შეიკავებს პროექტში მონაწილეობის მიღებისგან. აქ იყო ინვესტორი როგორც ამერიკიდან, ისე ყაზახეთიდან. საკმაოდ საერთშორისო კონსორციუმი იქმნებოდა“,- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

გიორგი გახარიას არგუმენტზე, რომ ანაკლიის პროექტის ინვესტორები იყვნენ „უხარისხო“, ქეთი ბოჭირიშვილი პასუხობს, რომ თავად დაასახელოს, რომელი ხარისხიანი ინვესტორები მოიწვია მინისტრობის პერიოდში.

„სიტყვა უხარისხო ძალიან სუბიექტურია და მე ალბათ, დავაზუტებინებდი, რა არის უხარისხო ინვესტორი და რა იგულისხმება ამაში. მისი მხრიდან ასეთი განცხადება კიდევ უფრო სენსიტიურია იმიტომ, რომ ჩვენ გყავს ქვეყანაში ინვესტორები, რომლებიც გამოდის, უნდა დავყოთ, ხარისხიანად და უხარისხოდ. როგორც პოლიტიკოსისგან, არ არის ეს სიტყვა მისაღები. მე კითხვას დავუსვამდი, რომელი ხარისხიანი ინვესტორი მოიზიდა მან მინისტრობის დროს? ჩვენი მათი გუნდიდან ვერ დავინახეთ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, ვერ დავინახეთ, რომ ეს იყო პრიორიტეტული მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო გადამწყვეტი. თუნდაც, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. თუ სხვა ინდიკატორები არის გაუარესებული, სწორედ ერთი-ერთი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ არის. არ გვაქვს სტრატეგიული პროექტები და არ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები. შესაბამისად, ტენდენცია, რომ ინვესტიციები მცირდება ქვეყანაში, პანდემიამდეც იყო და მხოლოდ ამას ნუ დავაბრალებთ“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ნინი ქეთელაური