„მას შემდეგ, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება დაფიქსირდა გერმანიაში დამსაქმებლის მიმართ, მყისიერად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება"

გერმანიასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება - მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა გერმანიაში დამსაქმებლის მიმართ უკმაყოფილება დააფიქსირეს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება დაფიქსირდა გერმანიის დამსაქმებლის მიმართ, მყისიერად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, კერძოდ კი დასაქმების სააგენტოს მხრიდან, რომელიც დაუკავშირდა როგორც გერმანიის შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს, ასევე გერმანიის დასაქმების სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირებები, რის შედეგადად დამსაქმებელს თავის მხრივ დაევალა, რომ გაუმჯობესებულიყო დასაქმებულების პირობები, ასევე მოხდა ამ დასაქმებულების გადაყვანა სხვა დამსაქმებელთან. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დასაქმების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოსთვის და არამარტო გერმანიიდან, არამედ ისრაელიდან, საფრანგეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან არის მზაობა, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ლეგალიზება მოხდეს.