„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - მთავრობის გადაწყვეტილება, covid-ჯარიმების ჩამოწერაზე, იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება covid-ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით, იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს“, - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კოვიდპანდემიის მიმდინარეობისას ჩართული იყო ბიზნეს სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის პროცესში.

„კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაზარალდა ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორი და ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახა ჩვენს მოქალაქეებზე და მათ მსყიდველუნარიანობაზე. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვან სოლიდარულ ნაბიჯად მიგვაჩნია. ასევე ზემოხსენებული ჯარიმების ჩამოწერა, არ გულისხმობს, მხოლოდ მოქალაქეების თანადგომას, არამედ ეს მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვისაც, ვინაიდან 76 მილიონი ლარი არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ამ ოდენობით გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რამეთუ სწორედ ეს ადამიანები არიან იმ პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლები, რომელსაც ბიზნესი ქმნის.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კოვიდპანდემიის მიმდინარეობისას ყოველთვის იყო ჩართული ბიზნეს სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. ამასთან, ყველას გვესმის, რომ მატერიალური ზარალი, რომელსაც დღეს ბიზნესი ითვლის, არის საკმაოდ მოცულობითი, რამაც განაპირობა კონკრეტული სექტორებისა და კომპანიების საქმიანობის შეჩერება და რიგ შემთხვევებში ოპერირების შეწყვეტა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მზად არის აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში“, - ნათქვამია „ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაში.