Carrefour-მა საერთაშორისო შვილობილი კომპანიების გაყიდვები დაიწყო

საცალო ვაჭრობის სუპერმარკეტების გლობალური ქსელი Carrefour პოლონეთსა და ტაივანში შვილობილი კომპანიების გაყიდვას აპირებს და საერთაშორისო ოპერაციების ახალი სტრატეგიის გამოსაქვეყნებლად ემზადება. ინფორმაციას პორტალ Challenges-ზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg ავრცელებს. Challenges ინფორმაციის წყაროს არ აკონკრეტებს. მისივე ცნობით, ფრანგული Carrefour-ისა და კანადური კომპანა Alimentation Couche-Tard-ის შერწყმის გეგმა ჩავარდა.

„Carrefour-მა დაიწყო თავისი საერთაშორისო შვილობილი კომპანიების კრიტიკული მასის გაყიდვა. კომპანიამ შესაძლო სამომავლო კონსოლიდაციების, ალიანსებისა და გასხვისების ნაბიჯების გადახედვა დაიწყო. თუმცა ეს განხილვის სტადიაზეა და ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არაა,“- განუცხადა დღეს კომპანიის სპიკერმა სააგენტო Bloomberg-ს.

Bloomberg-ის შეფასებით, პოლონეთის სასურსათო ბაზარი სასტიკი კონკურენციის გამო მეტად რთულია. წელს ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელმა Tesco-მ პოლონეთში თავისი ბიზნესი დანიურ საბავშვო პროდუქციის რიტეილერ Salling Group-ს 165 მლნ ფუნტად (230 მლნ დოლარად) მიყიდა.

Kepler Cheuvreux-ს ანალიტიკოს ფაბიენ კარონის განცხადებით, Carrefour პოლონეთს იმიტომ ტოვებს, რომ ცუდი გაყიდვები აქვს. კომპანია ამ ქვეყანაში, დაახლოებით 1,8 მლრდ ევროს (2,15 მლრდ დოლარის) გაყიდვები აქვს, რაც მოგების დაბალი ზღვარია და არარენტაბელურია.

სააგენტოს ცნობით, Carrefour-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ბომპარდი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს, იძულებული გახდა, კანადურ Alimentation Couche-Tard-თან შერწყმის გეგმა შეეჩერებინა, რადგან გარიგებას საფრანგეთის მთავრობა შეეწინააღმდეგა.

დღევანდელ დღეს Carrefour-ის აქციებზე ფასი 1%-ით, 17,13 ევრომდე გაიზარდა, რაც Couche-Tard-ის თავდაპირველ წინადადებას, თითო აქციის 20 ევროდ შესყიდვის შესახებ, ჯერ ისევ ჩამორჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ