რუსეთი ლითონის ექსპორტზე დროებით გადასახადებს დააწესებს

მსოფლიოში ლითონის უმსხვილესი მიმწოდებელი ქვეყანა, რუსეთი ფოლადის, ნიკელის, ალუმინისა და სპილენძის ექსპორტზე დროებითი გადასახადების დაწესებას გეგმავს. ამით ფედერაციის მთავრობა ცდილობს, დაეხმაროს შიდა ინფლაციის შემცირებას იმ ფონზე, როცა ნედლეულზე ფასები მასშტაბურად გაიზარდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

„1-ლი აგვისტოდან წლის ბოლომდე, მინიმუმ 15%-იანი გადასახადი ამოქმედდება, ხოლო თითოეულ ლითონზე ბაჟი საბაზისო გადასახადზე მაღალი დონით განისაზღვრება და ამის მიხედვით დაიბეგრება,“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

ტონა სპილენძისთვის მინიმალური სპეციფიკური საექსპორტო გადასახადის ტარიფი იქნება 1,226 აშშ დოლარი, ნიკელისთვის - 2,321 აშშ დოლარი, დაბალი ხარისხის ალუმინისთვის კი - 254 აშშ დოლარი.

ფოლადის თითოეულ პროდუქტს გადასახადი საკუთარი ფსონით დაუწესდება, მაგალითად, ტონა ცხელი ფოლადისთვის - მინიმუმ 115 დოლარი.

Bloomberg-ის შეფასებით, საექსპორტო გადასახადების დაწესებამ შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს ლითონის გლობალურ ბაზრებზე ისეთი პროდუქტების მეტად შეზღუდული მომარაგების ფონზე, როგორიცაა ალუმინი. გაერთიანებული კომპანია Rusal International PJSC გლობალური ალუმინის სექტორის, დაახლოებით 10%-ს აკონტროლებს, MMC Norilsk Nickel PJSC მსოფლიო ნიკელის, დაახლოებით 20%-ს აწარმოებს. რუსეთი სიდიდით მესამე ფოლადის ექსპორტიორი ქვეყანაა და მისი გაყიდვების ძირითადი ბაზარი ევროპაშია.

Norilsk Nickel-ის აქციები მოსკოვში 6.3%-ით, Rusal-ის კი 7.9% -ით შემცირდა. ასევე დაეცა, Novolipetsk Steel PJSC-დან დაწყებული, Severstal PJSC-ით დამთავრებული, ფოლადის მწარმოებელი ყველა კომპანიის აქციათა ფასი.

„ლითონის ბაზრებზე რეაქცია უფრო მშვიდი იყო: ნიკელზე ფასები გაიზარდა, სპილენძმა გარკვეული დანაკარები შეამცირა, ხოლო ალუმინის ფასი კლებას განაგრძობდა. სავარაუდოდ, ინვესტორები ელიან, რომ რუსი მწარმოებლები დამატებით ხარჯებს თავის თავზე აიღებენ და ექსპორტს გააგრძელებენ,“ - წერს Bloomberg.

BCS Global Markets-ის ანალიტიკოსი კირილ ჩუიკო აცხადებს, რომ საექსპორტო ზომები რუსეთის ნიკელისა და ალუმინის ექსპორტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან ადგილობრივი გამოყენება შეზღუდულია: რუსეთი მის მიერ წარმოებული ნიკელის მხოლოდ 10%-ს და ალუმინის 30%-ს მოიხმარს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ