მიკროავტობუსებში მგზავრების მთვლელებზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა - შესყიდვის ღირებულება შემცირდა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი ისევ გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 1 000 მთვლელს იყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 650 000 იქნება.

ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს.

გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს. თითოეული მოთხოვნის რაოდენობა იქნება არანაკლებ 50 ცალი.

შეგახსენებთ, რომ მგზავრთა მთვლელი მოწყობილობების შეძენის მიზნით, 1-ლი ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,3 მლნ ლარი იყო. ეს ტენდერი შეწყდა. მიზეზი კომპანია softmaster-ის საჩივარი გახდა. ეს უკანასკნელი შემსყიდველი ორგანიზაციისგან სატენდერო დოკუმენტაციის პირობების გადახედვას ითხოვდა, რაც თავის მხრივ, სატენდერო კომისიამ დააკმაყოფილა.

თაია არდოტელი